ზაზა გოგავა - საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
„ის საკითხი, რაც აქ იხილება, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხია. ის, რომ რაიმე, 100-პროცენტიანი მაჩვენებლები მოასწავებდა ამ ყველაფერს, არა, მაგრამ ძალიან ბევრი პროვოკაცია იყო რუსეთის ე.წ. სამშვიდობოებიდან, უფრო სამაჩაბლოს, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით. 2008 წლის კომისიაზეც იმავე მაქვს ნათქვამი, სტენოგრამა გექნებათ და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. რამე აცდენა თუ იქნება, იქ რასაც ვამბობ, ნებისმიერ რამეზე პასუხისმგებელი ვარ. ის, რომ რაიმე მოასწავებდა, რომ ჩემი ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ემზადებოდა ან ერთ, ან მეორე სეპარატისტული რეგიონის მიმართ, არ ვიცი. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ზაზა გოგავას წინ დაუჯდება და ეტყვის, რომ ასე იყოო, ყველგან პასუხს გავცემ.
საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს ემზადებოდა მისი ნაწილების წინააღმდეგ. საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისთვის, რომ ისინი „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ. თუმცა ის, რომ მისი საფრთხეებიდან გამომდინარეობდა შეიარაღებული ძალების მომზადება, ამას ვადასტურებ. ეს ასეც უნდა იყოს და დღესაც დარწმუნებული ვარ, ასეა. არაერთხელ პირად საუბრებშიც გამიჟღერებია მეც და ყველგან ვამბობ – ერთადერთ ვალდებულება, რაც დამრჩა, იმ საფლავებთან ვალდებულებაა. აქ ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, მჯდარიყო ადამიანი, რომელიც სუბიექტური იქნებოდა, ანუ პოლიტიკურ კალაპოტში მოქცეული. ამიტომ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების, სრულად თავისუფალი ვარ ამ კუთხით. სამხრეებითაც ამიტომ მოვედი აქ, რომ თავისუფლად, ღიად ვისაუბრო იმ თემებზე, რაც ეხება სამხედროებს, იმ ღირსებას, რაც საჭიროა და რასაც ვალდებულებად ვთვლი, ვიდრე ცოცხალი ვიქნები. ალბათ თქვენ იცით, რომ არ არსებობს ფორმატი, რომელშიც ეს საკითხი განიხილება და გენერალი გოგავა ამას თავს აარიდებს. გამორიცხულია, ეს ასე არ მოხდება. ამის შემაფერხებელი ფაქტორი იქნებოდა ის, რომ დღეს თქვენ აქ პოლიტიკოსი გოგავა გეხილათ“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.