ზაზა გახელაძის ოჯახმა წითელ ჯვარს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამანათის შეტანის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა
ზაზა გახელაძის ოჯახმა წითელ ჯვარს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამანათის შეტანის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა

რვა თვეზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის უკანონო პატიმრობაში იმყოფება ზაზა გახელაძე. ოჯახი ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის მოლოდინშია. ერგნეთში შეხვედრა 5 მარტს გაიმართება და ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

ზაზა გახელაძის ოჯახმა საერთაშორისო ორგანიზაცია წითელ ჯვარს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამანათის შეტანის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. ოჯახმა წერილი და ამანათი წითელი ჯვრის დახმარებით, ბოლოს დეკემბრის თვეში გაგზავნა, თუმცა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მისი შეტანა მხოლოდ თებერვალში მოხერხდა.

„ველოდებით ერგნეთის შეხვედრას. როგორც გავიგეთ, 5 მარტს იმართება. მოლაპარაკებების იმედი გვაქვს. ყველა ჩართულია, ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები. ცხინვალიდან ადვოკატი აღარ დაგვკავშირებია. ბოლოს დაგვიკავშირდა სასამართლოს განაჩენის შემდეგ, როცა გვითხრა, რომ ზაზა უარს ამბობს გასაჩივრებაზე. არ ვიცი, რა ვქნათ. დაკავების დღიდან იმედი გვქონდა, რომ გათავისულფლდებოდა, თუმცა მერვე თვეა და აღარ ვიცი რა, ვიფიქროთ. წითელ ჯვარს მივმართეთ კიდევ ერთხელ. გვითხრეს, რომ დაუკავშირდებიან და გვეტყვიან, ხერხდება თუ არა ამანათის გაგზავნა“,- აცხადებს ზაზა გახელაძე დედა ნანა ბუნტური.