ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ქვემო ჭალაში აქცია-მსვლელობას მართავენ
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ქვემო ჭალაში აქცია-მსვლელობას მართავენ

სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ითხოვენ. აქციას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ზაზა გახელაძის ოჯახმა აქციის ფორმა შეცვალა და მსვლელობას სამთავისის ტაძართან დაასრულებენ.

„ჩვენ ვმართავთ მსვლელობას ქვემო ჭალიდან და სამთავისის ტაძარში სანთლებს დავანთებთ. ჩვენ აღარ ვმართავთ აქციას სამთავისის პოლიციის განყოფილებასთან და მაგისტრალთან. ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას. ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა. ჩვენი პროტესტი აქ დასრულდება. ეს არის ჩვენი ოჯახის პოზიცია და გადაწყვეტილება. ამ ფორმით ვითხოვთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას“, – აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.