ოპოზიციის წარმომადგენლები ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდნენ
ოპოზიციის წარმომადგენლები ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდნენ

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გახელაძის მეუღლე, ბიძა და ნათესავები იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრების თქმით, მათ სურთ, ყველა მხარის პოზიცია და წინადადებები მოისმინონ.

„ჩვენ რაც ვიცით, ოჯახმა, მედიისთვის არის ღია და არ არის არაფერი დაფარული. ახლაც ვიმსჯელეთ ამ თემაზე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, დღემდე როგორ მოვიდა ეს საქმე და რატომ ჭიანურდებოდა. დღეს უკვე დაისვა საკითხები და განიხილავენ საკითხებს, რომელიც შეიძლება მოითხოვონ პარლამენტში და დაიწყებენ ამ საქმეზე მუშაობას. ჩვენ ნდობას ვუცხადებთ ყველას, ვინც ჩვენს საქმეში წვლილს შეიტანს და მადლობა ყველას. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის გათავისუფლება და იქნებიან გათავისუფლების საკითხებში როგორ შეძლებენ, გაიგონ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სუსს ჰქონდეს და ოჯახს არ ჰქონდეს მისი გაგების უფლება, რაღაც შიდა სამზარეულოში ჩვენ არასდროს შევსულვარ და არც შეიძლება, რომ ოჯახმა ეს ვიცოდეთ, რა ფაზაზე მიდის და როგორი მდგომარეობაა და ამ ყველაფერს დეტალურად გაეცნობიან და აამოქმედებენ იმ ბერკეტებს, რაც შეუძლიათ. ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რა ვადებზე იქნება ლაპარაკი, რომელმაც შეიძლება ჩვენ გარეთ არ გამოგვიყვანოს. გვინდა შეხვედრა პრემიერთან, ჯერ გამოხმაურება არ არის და ველოდებით ამ გამოხმაურებას, თუმცა თუ თვითონ ნებით არ წამოვა ამ შეხვედრაზე, შეგვიძლია, ჩვენ მივიდეთ“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა.

„მინდა შევახსენო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ეს ოჯახი პირველ რიგში ელოდება მისგან პასუხს შეხვედრასთან დაკავშირებით, ეს არის პირველი მოთხოვნა. გარდა ამისა, ჩვენ ვესაუბრეთ ოჯახის წევრებს ყველა იმ მექანიზმსა და ინსტრუმენტზე, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში, ეს იქნება საკომიტეტო მოსმენები, კონკრეტული წერილით მიმართვა თუ სხვა. ჩვენ გვინდა, რომ ეს თემა მაქსიმალურად აქტუალური გავხადოთ და ყველა ეს ინსტრუმენტი გამოვიყენოთ პარლამენტში, რომ დავეხმაროთ ოჯახს. ოჯახს დღესაც არ აქვს პასუხები. იმედი მაქვს, რომ შეხვედრა შედგება. ჩვენის მხრივ, გამოიყენებთ ყველაფერს, რაც გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში, რომ რაც შეიძლება მეტი პასუხი გავცეთ ამ ოჯახის კითხვებს“, – განაცხადა სამნიძემ.

დატოვე კომენტარი