ზაზა გაბუნია - ტყუილია, თითქოს ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები თავიანთი ხელფასების გაზრდას ითხოვენ
ზაზა გაბუნია - ტყუილია, თითქოს ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები თავიანთი ხელფასების გაზრდას ითხოვენ

აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები თავიანთი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გამოდიან, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მათი მიზანია, მოქალაქეები არ დაზარალდნენ, რადგან როგორც ვიცით, 3 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეების ნაწილი – დამლაგებლები, მძღოლები, პედაგოგები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები ხელფასს ვერ იღებენ იმის გამო, რომ საკრებულო თავის ფუნდამენტურ ფუნქციებს ვერ ასრულებს და მუნიციპალიტეტს ნიადაგს აცლის, რათა მან საკუთარი პროექტები, თუ პროგრამები განახორციელოს და მოქალაქეებს სერვისები მიაწოდოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური ჯგუფების – „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ძალიან ვიწრო პოლიტიკური ამოცანების გამო, მოქალაქეთა ინტერესები ზარალდება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რეალურად ვისთვის იგეგმებოდა ხელფასების მატება, დამლაგებლებისთვის, მძღოლებისთვის, პედაგოგებისთვის და ა.შ, თუ მაღალჩინოსნებისთვის, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ პირველ რიგში, ფაბულა იგეგმებოდა, რათა ხელფასების გაცემის წესი, დოკუმენტი დამტკიცებულიყო.

„ეს გადაწყვეტილება, რომელიც ხელფასების გაცემის სამართლებრივი წინაპირობა უნდა გახდეს, საკრებულოს მიღებული არ აქვს. რა ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, როცა უკვე დასაქმებულ მუშა–მოსამსახურეებზე, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლებზე ხელფასის გაცემის სამართლებრივი წინაბირობები არ შექმნილა?!“, – განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც გამოსავალს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაში ხედავს.

„ახალი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას თავისი სამართლებრივი და საკანონმდებლო წინაპირობები აქვს. რა თქმა უნდა, ბორჯომში ემოციური ფონი და პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია, მაგრამ ახალი არჩევნები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რამდენადაა, ამას დისკუსია და მსჯელობა სჭირდება. უმრავლესობაში ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია და მით უმეტეს არ არსებობს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.