ზაზა გაბუნია - „ქართული ოცნების“ გუნდი ბორჯომის განვითარებაზე საუბრობს და არა სამსახურის უფროსების ხელფასების ზრდაზე
ზაზა გაბუნია - „ქართული ოცნების“ გუნდი ბორჯომის განვითარებაზე საუბრობს და არა სამსახურის უფროსების ხელფასების ზრდაზე

„ქართული ოცნების“ მერმა ხელფასის ზრდაზე უარი თქვა, „ქართული ოცნების“ გუნდმა გამართა აქცია, სადაც არავის გადადგომა არ მოუთხოვიათ, ანუ ბორჯომში „ქართული ოცნების“ გუნდი პოლიტიკური ლოზუნგებით არ გამოსულა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ქართული ოცნების“ გუნდი ბორჯომის განვითარებაზე ლაპარაკობს და მერისა და არა სამსახურის უფროსების ხელფასების ზრდაზე. როცა „ქართული ოცნების“ მერი ხელფასის ზრდაზე უარს ამბობს, ეს იმის წინაპირობა არ არის, რომ საუბარი მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასების ზრდაზე არ არის?! როცა აქციაზე არც ერთი პოლიტიკური ლოზუნგი არ გაჟღერებულა და ლაპარაკი არავის გადადგომაზე არ ყოფილა, სად არის აქ პოლიტიკური მდგენელი?!“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მან ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს უპასუხა, რომელმაც გადაცემაში ჩართვისას თქვა, რომ ბორჯომში დღეს „ქართული ოცნების“ მიერ მანიფესტაცია სწორედ იმიტომ გაიმართა, რომ მერსა და სამსახურის უფროსებს ხელფასები მომატებოდათ.

მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ისეთი საკითხების მოგვარებაში, რომლებიც ადგილზე, თვითმმართველობის მიერ უნდა გადაწყდეს.

„როგორც ჩანს, ქალბატონი ხატია დეკანოიძე თვითმმართველობის საკითხებში სრულიად გაუთვითცნობიერებელია და პარლამენტის დეპუტატებს მოგვიწოდებს, როგორც კი საკრებულოს დეპუტატებს რაღაც პრობლება შეექმნებათ, საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდეს და საკითხი ადგილზე მოაგვაროს. ჯერ ერთი, საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებსაც მოქალაქეებმა მანდატები მისცეს და მეორეც, თუ ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ თვითმმართველობას ცენტრიდან უნდა დავეხმაროთ და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ადგილზეა გადასაწყვეტი, ცენტრიდან პარლამენტარმა, მინისტრმა, ან ნებისმიერმა სხვამ უნდა გადაწყვიტოს, მაშინ თვითმმართველობის კონცეფციას იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.