ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტები იმუშავებენ, რომ რაც შეიძლება, მეტი ბიზნესოპერატორი მოიზიდონ
ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტები იმუშავებენ, რომ რაც შეიძლება, მეტი ბიზნესოპერატორი მოიზიდონ

მუნიციპალიტეტები იმუშავებენ, რომ რაც შეიძლება, მეტი ბიზნესოპერატორი მოიზიდონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაგალითად, საშემოსავლო, ან მოგების გადასახადს რა ეფექტი აქვს – მუნიციპალიტეტს უჩნდება დამატებითი მოტივაცია, რომ შემოიყვანოს მაქსიმალურად მეტი ბიზნესოპერატორი. იმიტომ, რომ იქედან გადასახადი დარჩება ქალაქის განვითარებას. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით ზაზა გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მუშაობენ თუ არა დღეს მუნიციპალიტეტები იმაზე, რომ თბილისიდან ბევრი თანხა წამოიღონ.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, ის, რომ პარლამენტი და მთავრობა აქტიურად მსჯელობს და განიხილავს დეცენტრალიზაციის დოკუმენტს, არის ძალიან დიდი წინაპირობა, რომ საქართველოში დეცენტრალიზაცია მიიღწევა და ეს პოლიტიკა შეუქცევადი იქნება.

მისი თქმით, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა, როდესაც პარლამენტი უკვე ამთავრებს დოკუმენტის განხილვას და მთავრობას წარუდგენს ძალიან სიღრმისეულ და საინტერესო წინადადებებს.

„ეს წინადადებები იქნება განხილული და დაკმაყოფილებული. აქედან ჩვენ უკვე გადავდივართ პრაქტიკის ნაწილზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.