ზაზა გაბუნია - კონსულტაციებში მონაწილეობისკენ მოვუწოდებ ყველა ძალას, ვინც მზად არის საქმიანი და კონსტრუქციული მუშაობისთვის
ზაზა გაბუნია - კონსულტაციებში მონაწილეობისკენ მოვუწოდებ ყველა ძალას, ვინც მზად არის საქმიანი და კონსტრუქციული მუშაობისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადება გააკეთა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მმართველმა ძალამ მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რაც კი ჩვენს ქვეყანაში რომელიმე ხელისუფლებას მიუღია.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქართული დემოკრატიის სახელით და ქართული დემოკრატიის სასარგებლოდ. ამიტომ, მოვუწოდებ უკლებლივ ყველა ძალას კონსულტაციებში მონაწილეობისკენ, ვინც მზად არის საქმიანი, პროფესიული და კონსტრუქციული მუშაობისთვის. ხოლო, იმ პირების ადგილს, ვინც ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერის ფარგლებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.