ზაზა გაბუნია - მოვუწოდებ ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციას, დავდგეთ პარტიულ ინტერესზე მაღლა
ზაზა გაბუნია - მოვუწოდებ ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციას, დავდგეთ პარტიულ ინტერესზე მაღლა

მოვუწოდებ ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციას, დავდგეთ პარტიულ ინტერესზე მაღლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქცია ხელფასების გაზრდას ითხოვს.

„სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ფრაქცია ბორჯომის საკრებულოში ითხოვს, რომ რიგით საჯარო მოხელეებს, ტრანსპორტის მძღოლებს, პედაგოგებს, დამლაგებლებს, რომლებსაც, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური ჯგუფების გაჯიუტების თუ დესტრუქციის გამო, სამი თვის განმავლობაში არ მიუღიათ ხელფასი, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ, რათა ბორჯომელებს მიეწოდებოდეთ მუნიციპალური სერვისები, სამი თვის უხელფასო მუშაობის შემდეგ, მიიღონ ხელფასები. ეს არის „ქართული ოცნების“ და მოსახლეობის ინტერესი. მოვუწოდებ ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციას, დავდგეთ პარტიულ ინტერესზე მაღლა, იმიტომ, რომ ტრანსპორტის მოძრაობა, პედაგოგების ხელფასი, დამლაგებლების ხელფასი, ბორჯომელებისთვის მუნიციპალური სერვისების მიწოდება დგას ყოველგვარი პოლიტიკური პროცესების მიღმა. შესაბამისად, ამ კინკლაობით, რომელსაც სთავაზობს ოპოზიცია მთელ ქალაქს, არ უნდა დაზიანდეს ბორჯომელების ინტერესები“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, გუშინ ბორჯომში საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ჩასვლამ ვითარება დაძაბა.

„გუშინ, იმის ნაცვლად, რომ ჯანსაღად განვითარებულიყო პროცესები და კონსენსუსისკენ წასულიყო, თბილისიდან ჩასულმა პარლამენტარებმა, სამწუხაროდ, პირიქით მოახდინეს ესკალაცია, პროცესების დაძაბვა. თბილისიდან ჩასული პარლამენტარების ამოცანა არ უნდა ყოფილიყო საქმის გარჩევა, შუბლმიბჯენილი და ცხვირმიბჯენილი დიალოგი და ძველბიჭურად გაწევა. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ფაქტები გმობს თვითმმართველობის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია იქ იყო მოწოდების სიმაღლეზე, არის ახლაც და იქნება ყოველთვის, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. არის პარტიული ინტერესი, რომ ჩაიშალოს და პარალიზება მოხდეს ბორჯომის ქალაქის საქმიანობის და სერვისების საზოგადოებისთვის მიწოდების, მაგრამ ბუნებრივია, ამას „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს. მე მოვუწოდებ ოპოზიციონერ დეპუტატებს, იფიქრონ იმ დამლაგებლებზე, ტრანსპორტის მძღოლებზე, ბაღის პედაგოგებზე, რომლებმაც ამ გაჯიუტების გამო ვერ მიიღეს ხელფასები სამი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.