ზაზა გაბუნია - კონსულტაციები იმისთვის იმართება, რომ მივიღოთ კარგად მოფიქრებული მოდელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტურად იმუშავებს
ზაზა გაბუნია - კონსულტაციები იმისთვის იმართება, რომ მივიღოთ კარგად მოფიქრებული მოდელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტურად იმუშავებს

კონსულტაციები იმისთვის იმართება, რომ საბოლოო ჯამში, მივიღოთ კარგად მოფიქრებული მოდელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტურად იმუშავებს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან, საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კონცეპტუალურ პრინციპზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, გუნდში უთანხმოება არ არსებობს, მაგრამ არსებობს ნიუანსები, რომლებსაც შეთანხმება სჭირდება.

მოსალოდნელია თუ არა თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება სტრუქტურული ცვლილების შემდეგ, ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ისეთი მოდელი შემუშავდება, რომ საკადრო თვალსაზრისით მტკივნეული არ იყოს.

„ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, შესაბამისად, ისეთი მოდელი შემუშავდება, რომ საკადრო თვალსაზრისით მტკივნეული არ იყოს. შესაძლოა, ეს პროცესი ერთეულებს შეეხოს, ეს გამოჩნდება. ამას გვაჩვენებს, რა კონსენსუსური ვარიანტი იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას სამინისტროების რაოდენობის ცხრამდე შემცირების შესახებ, გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე, კონკრეტულ ციფრებზე ვერ ისაუბრებს.

„გუშინ ვიმსჯელეთ კონცეპტუალურ დონეზე, ფუნქციების გადანაწილებასა და შერწყმაზე. დღეს შეგვეძლება, ვისაუბროთ რაოდენობასა და მთავარ საკითხებზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები რამდენიმე წუთში დაიწყება.