ზაზა გაბუნია - დღევანდელი შემოსავლები აბსოლუტურად არ არის საკმარისი, რომ მუნიციპალიტეტმა პოლიტიკა დაგეგმოს
ზაზა გაბუნია - დღევანდელი შემოსავლები აბსოლუტურად არ არის საკმარისი, რომ მუნიციპალიტეტმა პოლიტიკა დაგეგმოს

დღევანდელი შემოსავლები აბსოლუტურად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა პოლიტიკა დაგეგმოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ადგილზე, მუნიციპალიტეტებში არაფერი რჩება, თვითმმართველობები თბილისიდან გადარიცხულ თანხებზე არიან დამოკიდებული და უნდა დარჩეს თუ არა ადგილზე გადასახადები, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ საუბარია მათ შორის, ამ საგადასახადო პოლიტიკის შეცვლაზე.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონი 1998 წელს არის მიღებული და 21 წლის განმავლობაში ამ კანონის გადახედვა არ მომხდარა, მათ შორის, დეცენტრალიზაციის კონტექსტში.

„ჩვენ ახლა ვაპირებთ ამ კანონზე ვიმუშაოთ, რომ მოხდეს პოლიტიკის გადახედვა, რათა ადგილობრივი შემოსავლის წყარო გახდეს სულ უფრო მეტი გადასახადი მუნიციპალიტეტებისთვის. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა საუბარი კონკრეტიკაზე, რამდენი პროცენტი შეიძლება დარჩეს მუნიციპალიტეტებს, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს სამუშაო საკითხია და საპარლამენტო ჯგუფში ამაზე მუშაობა დაწყებულია.

ზაზა გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ მისი ინიციატივით დაფუძნებულია სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი და 24 მაისს წყალტუბოში პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტარებისა და ბიზნესსექტორის მონაწილეობით პირველად გაიმართება დიალოგი.

„აქ იქნება გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირი. ეს იქნება უპრეცედენტო და პირველი ფორუმი, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირი ლაპარაკობს საშემოსავლო საკითხებზე მუნიციპალიტეტებისთვის და ლაპარაკობს ქონებაზე. დღეს მუნიციპალიტეტები ტერიტორიებზე არსებულ ქონებას არა თუ ვერ განკარგავენ, არ ფლობენ, რაც მათ განვითარებაზე აისახება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.