ზაზა გაბუნია - 2014 წლამდე საქართველოში თვითმმართველობა, როგორც მმართველობითი სისტემა, არ არსებობდა
ზაზა გაბუნია - 2014 წლამდე საქართველოში თვითმმართველობა, როგორც მმართველობითი სისტემა, არ არსებობდა

აქამდე თვითმმართველობას, როგორც თანასწორს, არ ელაპარაკებოდნენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„მეტსაც გეტყვით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ 2014 წლამდე საქართველოში თვითმმართველობა, როგორც მმართველობითი სისტემა არ არსებობდა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, უნდა არსებობდეს თუ არა არჩევითი სტრუქტურა, რომლის მიმართაც გუბერნატორი ანგარიშვალდებული იქნება, რაც შესაბამისად, ორდონიანი მმართველობა იქნებოდა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი, მისი სამართლებრივი, შინაარსობრივი, ფორმალური და ანგარიშვალდებულებითი მხარე მოსაწესრიგებელია.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ამის პოლიტიკური ნება, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური ნება სჭირდება, გაბუნიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ასეთი ნება აქვს და ამ საკითხზე პარლამენტს, მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროს შორის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ორდონიან მმართველობას არ გამორიცხავს, მაგრამ ეს სამუშაო საკითხია და დღეს ვერ იქნება.

„ორდონიან მმართველობას მაინცდამაინც გუბერნატორი არ გულისხმობს. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ასეთი მაგალითები. არის უამრავი მაგალითი, სადაც გუბერნატორი თვითმმართველობას არ წარმოადგენს და ის სახელმწიფოს წარმომადგენელია. ის თავის პოლიტიკას ახორციელებს. ასეთი მოდელი უამრავია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, გუბერნატორს, რომელიც მთავრობას წარმოადგენს, პროექტებისთვის ბიუჯეტი არ აქვს. ამიტომ, ეს უფროა განსახილველი საკითხი და ამ ნაწილში შესაცვლელი, ვიდრე მაინცდამაინც დონის სტატუსის მინიჭება.

„მე მიმაჩნია, რომ გუბერნატორი უნდა ახორციელებდეს საკუთარ პროექტებს. გუბერნატორი პერსონალურად, მთავრობის მიერ არის ნომინირებული, ის წარმოადგენს ცენტრალურ და აღმასრულებელ ხელისუფლებას რეგიონში და შესაბამისად, მას აქვს სრული ლეგიტიმაცია და შესაძლებლობა, მათ შორის, ინტერმუნიციპალურ კონტექტსში ახორციელებდეს პროექტებს და პროცესებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის გამოწვევაა რეგიონული ეკონომიკა, რომელსაც დღეს არც კანონმდებლობა იცნობს და არც პრაქტიკა, რეგიონულ ეკონომიკაში კი ინტერმუნიციპალური კავშირები, როგორც რეგიონული ჰაბი და ერთმანეთის გაძლიერების შესაძლებლობა, მთავარ როლს თამაშობს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რეალურად, არის თუ არა გუბერნატორი, მათ შორის, არჩეული მერების ზემდგომი და არის თუ არა დღეს საქართველოში ასეთი რეალობა, როცა არჩეული მერები გუბერნატორებს ხელმძღვანელად, ზემდგომად აღიქვამენ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს ასე არ არის, მერმა იცის, რომ ის პირდაპირი წესით არის არჩეული, გუბერნატორი კი რეგიონში მთავრობის წარმომადგენელია და თითქმის ყველა რეგიონში მათ საკმაოდ აქტიური, პარტნიორული, ჰარმონიული კავშირები აქვთ.