ზაზა ფირალიშვილი - სათამაშო ბიზნესი არის ბიზნესი, რომელსაც შეიძლება, საზოგადოების ზნეობრივი გადაგვარება მოჰყვეს
ზაზა ფირალიშვილი - სათამაშო ბიზნესი არის ბიზნესი, რომელსაც შეიძლება, საზოგადოების ზნეობრივი გადაგვარება მოჰყვეს

სათამაშო ბიზნესი არის ბიზნესი, რომელსაც შეიძლება, საზოგადოების ზნეობრივი გადაგვარება მოჰყვეს, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა ფირალიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის ბიზნესი, რომელსაც შეიძლება, ადამიანების სიკვდილი, ოჯახების გაუბედურება, საზოგადოების ზნეობრივი გადაგვარება მოჰყვეს. მესმის, რომ ბიზნესია, მაგრამ ეს არის ძალიან სპეციფიკური ბიზნესი, რომელიც მოსახლეობის საკმარისად დიდ ნაწილს ცრუ ილუზიებში ამყოფებს. მეტი რა საზოგადოებრივი ხიფათი შეიძლება იყოს, როცა ვუყურებთ თამაშდამოკიდებულთა გარშემო განადგურებულ ახლობლებს, დანგრეულ ოჯახებს, დაკარგულ ბინებს და ა.შ.“, – განაცხადა ფირალიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის დიდი ბოროტება, რომელიც საზოგადოებაში თავის მეტასტაზებს კიბოსავით ავრცელებს.

„ჩემ თაობაში პირობითად, ხუთი პროცენტია, მცირეწლოვნებში კი უკვე 48%. ასე რომ, ეს მეტასტაზები შეიძლება, განვითარდეს და განვითარდეს“, – განაცხადა ფირალიშვილმა

როგორც ფილოსოფოსმა აღნიშნა, ძალიან სახიფათოა ის ფაქტი, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, სათამაშო ბიზნესთან შეხება არასრულწლოვანთა 48 %-ს აქვს.

„აქ დაასახელეს სავალალო სტატისტიკა, რომ არასრულწლოვანთა 48 %-ს ჰქონია თამაშებთან შეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა 48 % რისკის წინაშეა – რომ ისინი ამ მახეში ჩავარდნილი აღმოჩდებიან და აღმოჩდებიან ცრუ ინტელექტუალურ ვითარებაში, იოლი გამდიდრების, პრობლემის იოლად გადაწყვეტის ილუზიაში. ამ თაობაში დიდი შანსია, რომ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიურად დანგრეული შემოვა სოციალურ გარემოში. ის უბრალოდ, აღარ არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სოციალური გარემოს წევრი; ის აღარ ქმნის თავის ცხოვრებას ისე, როგორც ჩვენ ვქმნით, პრობლემების, ტკივილების გადალახვით, მაგრამ მაინც. ეს ადამიანები დაკარგული ადამიანები არიან“, – განაცხადა ფირალიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ ბიზნესი ადამიანებს და თაობებს ანადგურებს, ის მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

„ამ ბიზნესის მესვეურები ზემოგებებს გამოეკიდნენ და მათ არ აინტერესებთ, რა შედეგები შეიძლება, ამას მოჰყვეს. ბატონებო, ეს არ არის ბიზნესი ჩვეულებრივი გაგებით და იმ გაგებით, რომ რა ვქნათ ახლა, ბიზნესია და ა.შ. თუ ბიზნესი ადამიანებს და თაობებს ანადგურებს, ის შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს“, – განაცხადა ფირალიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა გამოსავალი რეგულაციების შემოღება, ზაზა ფირალიშვილმა აღნიშნა, რომ უკვე არსებული რეგულაციები საკმარისი არ არის და ის აუცილებლად უნდა გამკაცრდეს.

„არ კმარა იმ რეგულაციების ამუშავება, რომლებიც უკვე არსებობს. რეგულაციები აუცილებლად უნდა გამკაცრდეს და აუცილებლად უნდა შეიზღუდოს თამაშებზე წვდომა მათ შორის, უფროსი თაობის ადამიანებისთვისაც. სათამაშო დაწესებულებები გატანილ უნდა იქნას დიდი ქალაქებიდან. აუცილებლად უნდა გაიზარდოს იმ მინიმალური თანხის ზღვარი, რომლითაც შეიძლება, ადამიანმა თამაში დაიწყოს, რომ უფრო მეტი ალბათობით ითამაშონ შეძლებულებმა, ვისაც ამ ფუფუნების საშუალება აქვს და ნაკლები იყოს იმის ალბათობა, რომ ღატაკები ითამაშებენ, რომლებსაც ასევე შეიძლება, შეექმნათ ილუზია, რომ ერთი გაგორებით დიდ ქონებას შეიძენენ, ან რაღაც მსგავსი მოხდება“, – განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.