ზაზა ფაჩულიას 11 ქულა ჩიკაგოსთან, კლივლენდ „კავალიერსის“ რთული გამარჯვება შარლოტის წინააღმდეგ
ზაზა ფაჩულიას 11 ქულა ჩიკაგოსთან, კლივლენდ „კავალიერსის“ რთული გამარჯვება შარლოტის წინააღმდეგ

დღეს დილით მორიგი შეხვედრები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“ საკუთარ „ორეკლ არენაზე“ ლიგის ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერი, ჩიკაგო „ბულზი“ 143-94 გაანადგურა.

მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა, სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ზაზა ფაჩულიამ, 19 წუთში 11 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა გააკეთა. მის გუნდში, საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ 33 ქულით. კლეი ტომპსონის ანგარიშზე, 29 ქულაა. შეხვედრაში ინტრიგა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო. ამის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონების შეჩერება სტუმრებმა ვეღარ შესძლეს და 49 ქულიანი მარცხი განიცადეს. გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციას ჰიუსტონ „როკეტსთან“ ერთად ლიდერობს.

რთულ გამარჯვებას მიაღწია აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფავორიტმა, კლივლენდ „კავალიერსმა“. ტაირონ ლიუს გუნდმა საკუთარ „ქიქენ ლოანს არენაზე“ შარლოტ „ჰორნეტსი“ მიიღო და უკანასკნელ წამებზე ერთი ქულის სხვაობით, ანგარიშით 100-99 დაამარცხა. სამმაგი დუბლი, გამარჯვებულთა შორის, ლებრონ ჯეიმსმა შეასრულა. „მეფემ“ 27 ქულა, 16 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებს ბოლო წამებზე მოგების შანსიც ჰქონდათ, თუმცა კემბა უოქერის ნატყორცნ ბურთს, ჯეიმსმა დააფარა და მასპინელთა ურთულესი გამარჯვება დაფიქსირდა. „კავალიერსმა“, შარლოტი ზედიზედ მერვედ დაამარცხა. კლივლენდელებმა, საკუთარ კონფერენციაში, მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.