ზაზა დობორჯგინიძე - ვინმემ რომც დააფინანსოს ოპოზიციური აქტივობა უფრო მეტად და რომც გამოჩნდეს მეტი დაფინანსება, გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ნიჰილიზმს იწვევს
ზაზა დობორჯგინიძე - ვინმემ რომც დააფინანსოს ოპოზიციური აქტივობა უფრო მეტად და რომც გამოჩნდეს მეტი დაფინანსება, გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ნიჰილიზმს იწვევს

ვინმემ რომც დააფინანსოს ოპოზიციური აქტივობა უფრო მეტად და რომც გამოჩნდეს მეტი დაფინანსება, გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ნიჰილიზმს იწვევს, – ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორანტმა, ზაზა დობორჯგინიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გეოპოლიტიკური სიტუაციაც იცვლება, ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ ნატო-ში არ გაწევრიანდება უკრაინა. დღეს გამოქვეყნდა 2024 წლის ანგარიში ნატო-ს გაფართოების თემაზე და უკრაინისა და საქართველოს შესახებ ჩანაწერი ამოღებულია. შესაბამისად, დაფინანსება რომც იყოს, ვინმემ რომც დააფინანსოს ოპოზიციური აქტივობა უფრო მეტად და რომც გამოჩნდეს მეტი დაფინანსება, გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ნიჰილიზმს იწვევს. ყოველ შემთხვევაში, დღეს რაც არის მოთხოვნა, გადადის იმაზე, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. დელეგიტიმაციას და ახალ არჩევნებსაც კი ამბობენ, მაგრამ ისე ინტენსიურად აღარ ხდება. ამის რწმენა, რომ ძალით დავამხობთ მთავრობას, ნელ-ნელა იკლებს, ამის რწმენა ნაკლებად არის ხალხში და, ჩემი აზრით, ნელ-ნელა დგება მომენტი, როცა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა რომ შეიწყალოს ახალგაზრდები, ამით „ოცნება“ არ გამოჩნდება, რომ სუსტია და დაუთმო. რომ ყოფილიყო 200 000 კაცი გარეთ და ამ კონტექსტში მომხდარიყო, „ოცნებას“ ის ფაქტორი ექნებოდა, სუსტად გამოვჩნდი, რომ უკან დავიხიეო, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა უკვე აქციები მინელდა, ასე ვთქვათ, და ასეთი სიტუაციაა, არაფერი წინ არ უდგას, შეიწყალოს, თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, ის უნდა მოხდეს, რომ ამ ხალხმა თქვას, რომ პრეზიდენტი არის ყაველაშვილი და არა სალომე ზურაბიშვილი. ხდება ამ ილუზიის გაგრძელება, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტია, კვირაში ერთხელ რაღაც ქარტია, დეკლარაცია და კოორდინაციის პლატფორმა ფუძნდება, რაც კი ლათინური წარმოშობის სიტყვაა, ყველაფრის დაფუძნება ხდება კვირაში ერთხელ და, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც და აქტივისტებისთვისაც უკეთესი იქნება, თუ პროტესტის ფოკუსი გადავა იმაზე, რომ შეიწყალონ ახალგაზრდების ის ნაწილი, კონტექსტიდან გამომდინარე, რომ „ოცნებამაც“ აიღოს პასუხისმგებლობა, ძალიან მყისიერად რომ შეიცვალა და თვითონ „ოცნებამაც“ ხომ შეიტანა წვლილი კონსტიტუციაში შეტანით ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ა.შ. ამ მხრივ მგონია, რომ გამოსავალი ეს იქნება. წყნარდება უკვე სიტუაცია და ჩემი სურვილი ეს იქნება“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს „ჰელსინკის კომისიის“ განცხადებას, რომელიც მოუწოდებს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, რომ შემოუერთდნენ, მოითხოვონ საქართველოში ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ზაზა დობორჯგინიძემ აღნიშნა, რომ „ჰელსინკის კომისია“ ისეთი ორგანიზაციაა, რომელსაც ევალება, ასეთი რაღაცები ილაპარაკოს, მაგრამ ის არ წყვეტს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

„იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციაა, მაგრამ „ჰელსინკის კომისია“ ხომ არ წყვეტს ამერიკის საგარეო პოლიტიკას. ამას არავითარი სერიოზული გავლენა არ ექნება და ისიც ფაქტია, რომ დათბა ამერიკასთან ურთიერთობა, ოფიციალური ვიზიტები ხდება, სანქციები არ გრძელდება, წნეხი არაა და თუნდაც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება რაც იყო, „ოცნებას“ რომ არ მოეწონა, რადგან რაღაც კრიტიკული იყო, ბლინკენის განცხადებას რომ შეადარო, იმასთან შედარებით არსებითად უკეთესია. ყოველ შემთხვევაში, „ჰელსინკის კომისიას“ არ აქვს ეს გავლენა“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.

მაკა ცინცაძემ სტუმარს უთხრა, რომ „ჰელსინკის კომისიის“ პოზიციონირებას ქართული ოპოზიცია ხშირად იყენებს საფუძვლად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ზაზა დობორჯგინიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია იმასაც ფიქრობს, რომ „რასა იუკნევიჩიანეს აზრები მნიშვნელოვანია ან ვიღაც ყოფილი ლიეტუველი ევროპარლამენტარის, მაგრამ დასავლეთში მათ არ აქვთ არანაირი გავლენა და, უბრალოდ, პროპაგანდის მიზნით ხდება ამის გამოყენება“.

„ფაქტი ის არის, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე „ოცნებას“ ხვდებიან, ამერიკაშიც ხვდებიან, ავსტრიაშიც ხვდებიან და ეს დელეგიტიმაციის საკითხი დასავლეთშიც დარჩა რაღაც კონკრეტული ორგანიზაციების დონეზე. აღარც ევროკავშირის და არც ამერიკის პოზიცია დღეს ის არ არის, რომ რაღაც დელეგიტიმაციას და ახალ არჩევნებს ვინმე ითხოვდეს“, – განაცხადა ზაზა დობორჯგინიძემ.