ზაზა დობორჯგინიძე - საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია, არის და ანგარიშში ახალი არაფერია, ამას შიდა პროცესებზე არსებითი გავლენა არ აქვს
საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის დაპირისპირება არის უკვე დიდი ხანია და არაფერი ახალი ამ ანგარიშში არ არის, – ამის შესახებ ჰონგ კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერების ფილოსოფიის დოქტორანტმა, ზაზა დობორჯგინიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ამგვარად ზაზა დობორჯგინიძემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, ყველა საერთაშორისო რეიტინგით როცა საქართველო კანდიდატი ქვეყნების ლიდერია, რას ნიშნავს ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ და მოლდოვამ პროგრესს მიაღწიეს, საქართველოს კი ამ ეტაპზე არ გააჩნია სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირისკენ და ვიდრე პირობები დრამატულად არ შეიცვლება, კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით რჩება.
„საქართველოს ხელისუფლებასაც უკვე ხელი აქვს ჩაქნეული იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან გადატვირთავს ურთიერთობას, განსხვავებით ამერიკისგან, რომელთანაც ცდილობენ რესტარტს, მაგრამ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან კონკრეტულად არც აქვთ იმედი გადატვირთვის. ბოლომდე დაპირისპირებაა ევროკავშირის ბიუროკრატიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის და ელოდებიან იმ პროცესებს, რაც ხდება ევროპაში; მაგალითად, როდის მოძლიერდება გერმანიაში AFD, რომელთანაც აქვს კარგი ურთიერთობა „ქართულ ოცნებას“, ასევე სხვა ქვეყნებშიც ელოდებიან, როდის გამოიცვლება ევრობიუროკრატია. ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინიც არის, ევროპა ერთი საარჩევნო ციკლით ჩამოსცდება ტრამპიზმს და რაღაც ეტაპზე, იქაც მოხდება უფრო მემარჯვენე ძალების აღზევება, ვთქვათ, ორბანის ტიპის, AFD გერმანიაში და ა.შ. ერთი მხრივ, ელოდებიან უფრო სხვა ტიპის პოლიტიკას ევროპაში და, ჩემი აზრით, მაგაზეა ხელისუფლების გათვლა, როდესაც შეიცვლება ევროპის ბიუროკრატია, უფრო შეიცვლება ურთიერთობებიც. არსებული ბიუროკრატია, ისტებლიშმენტი რაც არის, ამათთან ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივასაც ვერ ხედავენ და, შესაბამისად, ბოლომდეა ეს დაპირისპირებაც. შესაბამისად, ახალი აქ არაფერი არ არის. როგორც აქამდე აკრიტიკებდა ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას, იგივე წერია და რა რეაქციაც ზოგადად აქვს ხოლმე ხელისუფლებას, რომ უსამართლო და ორმაგი სტანდარტებით მიდგომაა, ისევ იგივე პასუხია აქაც. ამას არსებითი გავლენა საქართველოში შიდა პროცესებზე არ აქვს, რადგან ერთი წელია, ევროკავშირის პოზიცია არსებითად არ შეცვლილა“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, კრიტიკული ანგარიში აღმოჩნდეს პროტესტის ახალი სიცოცხლის მიზეზი და ერთგვარი მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის, რადგან ოპოზიცია საკმაოდ ხშირად იყენებს ამ თემას თუნდაც პროტესტისთვის და მმართველი გუნდიც საკმაოდ ხშირად ამბობს, რომ ოპოზიცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში სწორედ საქართველოს დასასჯელად დადის, ზაზა დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ ეს არსებითად ვერაფერს შეცვლის.
„რამდენი ადამიანიც ზოგადად კეტავს ქუჩას, იმდენი გამოვიდა დღესაც, არსებითად ახალი არაფერი არ მომხდარა“, – აღნიშნა დობორჯგინიძემ.
მისი თქმით, ევროკავშირის რბილი ძალა არ არის საქართველოში იმხელა, რომ ხალხი აჯანყდეს ანგარიშის გამო და რაღაც არსებითად პროტესტი გაიზარდოს.
„სოციოლოგიურ გამოკითხვებში 80% რომ ამბობდა, ევროკავშირს ვეთანხმები, არ ნიშნავს იმას, ევროკავშირის ანგარიშს თუ რეზოლუციას შეუძლია ხალხის აჯანყება. ამას ძალიან უწყობს ხელს ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც ახლა მსოფლიოშია. საშუალო ადამიანი არ ენდობა არავის, არც ევროკავშირს და არც დასავლეთს. არ არის ის ნდობა, რაც იყო. რუსეთის იმპერიალიზმის შესახებ ჩვენ ახლა ახალი არაფერი არ გავიგეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ისედაც ვიცოდით, რუსეთის იმპერიალიზმი რაც იყო, საქართველოში ეს ყველამ იცოდა, მაგრამ ამავე დროს მკვიდრდება მოსახლეობაში ეს განცდა, რომ ევროკავშირი და დასავლეთი უკრაინას იყენებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს რუსეთის დასასუსტებლად. ამ ომმა დასავლეთის რეპუტაცია და მის მიმართ განწყობები შეცვალა საქართველოში და, ჩემი აზრით, ამას ვერ აცნობიერებენ ოპოზიციურ ფლანგში, რომ დასავლეთის გავლენა დღეს, რეპუტაცია და მოსახლეობის დამოკიდებულება აღარ არის იგივე, რაც იყო თუნდაც ხუთი ან ექვსი წლის წინ; აღარ აქვს ამ ევროკავშირს შესაძლებლობა, თუნდაც ვიზალიბერალიზაციაც რომ შეაჩეროს და რაღაც უფრო რადიკალური ზომებიც მიიღოს, ამით ხელისუფლების შეცვლა და დამხობა ვერ მოხდება. „ოცნებას“ ოდესმე თუ რამე პრობლემას შეუქმნის, ეს იქნება შიდა პრობლემები და ოპოზიციაც, საბოლოო ჯამში, უნდა ფოკუსირდეს ამ შიდა პრობლემებზე. ამაზე უნდა იყოს კრიტიკა და ამის ნაცვლად ჭარბად ხდება დასავლეთის საკითხზე მთლიანად ყველაფრის აწყობა. ახლა კიდევ მეორე თემაც შემოიჭრა, რომ საქართველოს არაბეთიზაცია მოხდება“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, სადაც, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.