ზაზა დობორჯგინიძე - რა პარადიგმაშიც ქართული პოლიტიკური კლასი თუ სამოქალაქო საზოგადოება ოპერირებს, ეს პარადიგმა სრულად მოირღვა, ეს არ იყო ტრამპის პირველი ვადის გამარჯვება, ახლა სხვა მიდგომამ გაიმარჯვა
ამერიკის თავდაცვის სამინისტროს აქვს ასეთი ტერმინი, სრული სპექტრის დომინირება დედამიწაზე. ამის რესურსი აღარ აქვს ამერიკას და უკვე პირდაპირ აღიარება ხდება, – ამის შესახებ კომპიუტერული კოგნიტური ნეირომეცნიერების მაგისტრმა, ზაზა დობორჯგინიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ახალმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პირდაპირ თქვა, რომ არსებობს ჩინეთი და არსებობს, გარკვეული თვალსაზრისით, რუსეთი, ეს სამი ძალა არსებობს და ის, რაც გვესმოდა საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსებისგან, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, დღეს უკვე გვესმის პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო პირებისგან, რომ ამ მულტიპოლარულ დღის წესრიგში უკვე შევედით. ეს არ იყო დამახასიათებელი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომელიც მულტიპოლარულ წესრიგში იქცეოდა ისე, თითქოს ამერიკა არის ჰეგემონი და თითქოს არ უნდა გაითვალისწინოს სხვა მოთამაშეები. განსხვავება ეს არის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინს არ ელაპარაკებოდა, როგორც ასეთი, ტრამპი კი თვლის, რომ უნდა ელაპარაკოს პუტინსაც, სი ძინპინსაც და ყველას“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ დონალდ ტრამპის გზავნილი, რომ მას ურჩევნია, ინდივიდუალურად ესაუბროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს და არა თავად ევროკავშირს, როგორც გაერთიანებას, მეორე მხრივ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ევროპას უბიძგებს, გახდეს უფრო ერთიანი და აქტიური, ზაზა დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ, ამ გზავნილის მიხედვით, ტრამპისთვის არ არსებობს მოკავშირე თუ მტერი და ის ყველას ერთნაირად ექცევა, რადგან ამოსავალი წერტილი არის ამერიკის ინტერესები.
„ვნახეთ, რომ კანადას დაუწესა ტარიფები და უნდა, გრენლანდია წაართვას დანიას, რომელიც არის ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. სოცილოგიური კვლევა ჩატარდა რამდენიმე დღის წინ დანიაში, რომლის მიხედვითაც, დანიელების 47 პროცენტი თვლის, რომ აშშ მათი ქვეყნისთვის არის არსებითი საფრთხე; უფრო მეტი თვლის, რომ აშშ მათი ქვეყნისთვის საფრთხეა, ვიდრე ამას ამბობს ჩრდილოეთ კორეასა და ირანზე“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
მისი თქმით, რა პარადიგმაშიც ქართული პოლიტიკური კლასი თუ სამოქალაქო საზოგადოება ხშირად ოპერირებს, ეს პარადიგმა სრულად მოირღვა.
„ტრანსატლანტიკური ერთიანობის თემაც აღარ არსებობს უკვე და რაც ვერ გააცნობიერა ბევრმა, არის ის, რომ ტრამპის ეს გამარჯვება არ იყო ტრამპის პირველი ვადის გამარჯვება, სადაც იყვნენ ჯონ ბოლტონი, მაიკ პომპეო და მაინც შენარჩუნდა ძირითადი ხაზი. ახლა გაიმარჯვა სრულიად სხვა მიდგომამ და ფოკუსი, ძირითადად, არ იქნება დასავლეთ ნახევარსფეროზე, არ იქნება პრიორიტეტი. ევროკავშირი რაღაცას კი ამბობს სიტყვების დონეზე, მაგრამ ეს დიდი ხანია, გვესმის. დიდი ხანია, ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზე ლაპარაკი მიმდინარეობს. ფაქტი არის ის, რომ ბირთვულ იარაღშიც, ხელოვნურ ინტელექტშიც, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც და ყველა სფეროში არსებობს ჩინეთი და არსებობს აშშ. ეს ორი დაახლოებით თანასწორი ძალაა ერთამენთთან კონკურენციაში. ევროკავშირს არც ხელოვნური ინტელექტის სექტორი არ აქვს, ბირთვული რეაქტორებიც გააუქმეს, მეცნიერებაშიც პუბლიკაციებში ჩამორჩებიან ამერიკასა და ჩინეთს და ამ მხრივ გაცილებით უფრო ცუდ ვითარებაში არიან, ვიდრე ეს ორი ძალა. შესაბამისად, მე სკეპტიკურად ვუყურებ მუდმივ ლაპარაკს ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზე და იმაზე, რომ კონკურენციაში უნდა შევიდნენ“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
ზაზა დობორჯგინიძემ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წევრების მიერ NED-თან და USAID-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს უჭირთ შეფასება, რადგან მათ იდეოლოგია არ აქვთ.
„პროდასავლური პარტიები ვართო, მაგრამ პროდასავლურობის მიღმა უნდა იყოს რომელიმე იდეოლოგია ან რაღაც ფასეულობები უნდა გქონდეს. არ შეიძლება, ერთდროულად ბაიდენიც მოგწონდეს, გიჟდებოდე და ტრამპიც, სულერთი იყოს და ორივეს აქებდე. ორი წლის წინ რომ დავწერდი, რომ უკრაინისთვის ომი ცუდად დამთავრდება, ტერიტორიებს დაკარგავს, შეთანხმება შედგება, რუსეთი ვერ დამარცხდება და არ დაიშლება-მეთქი, მიწერდნენ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა და კრემლის ნარატივი, დღეს კი მარკო რუბიოც რომ იმავეს ამბობს, უკრაინამ ასი წლით უკან გადაინაცვლა და წინა ადმინისტრაციის პირობებში უკრაინის განადგურების დაფინანსება მიმდინარეობდაო, მარკო რუბიოზე არ იტყვიან, პრორუსიაო. ილონ მასკზეც არ იტყვიან, იმიტომ, რომ ამერიკა პარტნიორია და ჩვენთვის ყველანაირი ამერიკა მისაღები უნდა იყოს“, – განაცხადა ზაზა დობორჯგინიძემ.