ზაზა დობორჯგინიძე - პარტიები, რომლებიც ყველაფერს ქუჩის გზით ხედავენ, ქართულ პოლიტიკაში თუ აღარ იქნებიან, ამით ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შედარებით გაჯანსაღდება
ჩემი აზრით, შეუთანხმებლობის მიზეზი არის ელექტორატს შორის განსხვავება, – ასე უპასუხა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორანტმა, ზაზა დობორჯგინიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, გახდა თუ არა თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი წყალგამყოფი ოპოზიციურ პარტიებს შორის და აჩვენებს თუ არა ბოლოდროინდელი პროცესი იმას, რომ კონსოლიდაცია და შეთანხმება საბაზისო საკითხებთან დაკავშირებითაც კი ძალიან ჭირს.
„ადამიანი, რომელიც ხმას აძლევს მელიას ან ხაბეიშვილს, ის ხმას აძლევს ქუჩის პოლიტიკას, 2003 წლის რევოლუციურ სცენარს და ასეთი ტიპის ამომრჩეველია. გახარიას და „ლელოს“ ამომრჩევლის ბირთვი არის მათი ამომრჩეველი, იმიტომ, რომ უნდოდა შედარებით კონსტრუქციული, არა „ნაცებს“, არა „ქოცებს“ პოლიტიკა. ისინი ალბათ აცნობიერებენ ამას და, სავარაუდოდ, შიდა კვლევებიც ექნებათ ჩატარებული, რომ მათი ამომრჩევლის უმეტესობა მომხრეა, პროცესი გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. მე უფრო ეს მგონია მიზეზი. დანარჩენ აქტივისტებს და პარტიებს რაც შეეხება, ქცევით ეკონომიკაში არსებობს ტერმინი ჩაძირული ფასის ცდომილება, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ინვესტორს უკვე ბევრი ფული აქვს ჩადებული რაღაც პროექტში, აშკარაც რომ არის, რომ პროექტმა არ გაამართლა, გაკოტრდა და ზარალს იღებს, მაშინაც არ წყვეტს ამ პროექტში ინვესტირებას, რადგან უკვე ბევრი რესურსი აქვს ჩადებული. დაახლოებით მსგავსი რაღაც ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ, ასე ვთქვათ, 20 კაცია აქციაზე და პროტესტი აშკარად ჩაფლავდა, ადამიანების ნაწილს არ უნდა, ამ რეალობას თვალი გაუსწოროს. იმიტომ, რომ 180 დღე რომ ფსონი გაქვს დადებული იმაზე, რომ ამ გზით უპირისპირდები ხელისუფლებას, ამ გზით ასუსტებ, დათმობებზე მოგყავს და ამხობ, მერე უკვე რთულია გადაწყობა ისევ კონსტრუქციულ რეჟიმზე. ამიტომ ისევ ამ სცენარს ავითარებენ და ადამიანების რაღაც ნაწილი არ კარგავს იმედს“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად შესაბამისია დარგის სპეციალისტთა ნაწილის შეფასება, რომ პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, თვითლიკვიდაციის რეჟიმში არიან, ზაზა დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ ეს კარგია, თუ ოპოზიციური ველი გაჯანსაღდება და პარტიები, რომლებიც ყველაფერს ქუჩის გზით ხედავენ, აღარ იქნებიან ქართულ პოლიტიკაში, რითიც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შედარებით გაჯანსაღდება.
„ისინი ირაციონალიზმის გამო მიდიან ამაზე, მაგრამ საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ გრძელვადიანად უკეთესი იქნება დემოკრატისთვის, თუ რადიკალური პარტიები აღარ იქნებიან პროცესში“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
შეკითხვაზე, როგორ გაიგო მან ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რადგან ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელმა ის სხვადასხვაგვარად წაიკითხა და რას ითხოვს დღეს ოპოზიციისგან ბრიუსელი, ზაზა დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ რეზოლუციაში შავით თეთრზე ეწერა, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომელიც არის მუნიციპალური არჩევნები.
„ამის სხვანაირად გაგება შეუძლებელია. მესმის, რომ ვიღაც გამოვიდეს და თქვას, სულერთია ჩემთვის ბრიუსელი, მე ვთვლი, რომ არასწორია მონაწილეობაო. ამ პოზიციას უფრო პატივს ვცემდი პატივს, ვიდრე იმას, რასაც აკეთებენ ახლა, არა, ეგ არ იგულისხმება, ეგ არ წერია და სინამდვილეში ერთიანობისკენ მოგვიწოდებსო. ამ დონის თვითკოლონიალიზმია სამწუხაროდ“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორანტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის გარედან ჩარევა საზოგადოებას აღიზიანებს.
„ბალტიისპირელების რადიკალიზმი, ისე რომ ერევიან საქართველოს პოლიტიკაში, თითქოს მათი ქვეყანა იყოს, ქმნის ძალიან დიდ აგრესიას. ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთი განსაკუთრებით, და, გარკვეულწილად, ნორდიკული ქვეყნებიც, ძირითადად ესენი არიან, თორემ, მაგალითად, არ ვიცი, ავსტრია ხომ არ ერევა ჩვენ პოლიტიკაში ან კიდევ ევროკავშირის ზოგიერთი სხვა ქვეყანა? რაღაც ქვეყნებია ამ ევროკავშირის შიგნით, რომელიც აღიზიანებს ხალხს სწორედ ამ რაღაც უხეში ჩარევების გამო“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია თბილისს ვერ მოიგებს.