ზაზა დობორჯგინიძე - არ მგონია, რაღაც სამოქალაქო ომამდე მივიდეთ, მაგრამ ამ პოლარიზაციის გაქრობა, რაც ამ თვეების განმავლობაში ვნახეთ, უფრო რთული მგონია, ვიდრე პოლიტიკური კრიზისის
კრიზისი, რომელიც გვაქვს, არის უფრო ფართო, რაც გულისხმობს იმას, რომ არის სოციალური ქსოვილის რღვევა, – ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ზაზა დობორჯგინიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ადრე რომ იყო ფრაზა, ქართველობას დავკარგავთ, თუ ევროკავშირში შევალთ, სხვა მნიშვნელობით, რაღაც თვალსაზრისით ქართველობა დავკარგეთ. იმ თვალსაზრისით, რომ პატარა ქვეყანაში მნიშვნელობა აქვს სოციალურ ბმებს, ნათესაური კავშირები, მეგობრობა, ოჯახის წევრი და ეს რაღაც ეტაპზე აბსოლუტურად მოირღვა. ჩვენ ვნახეთ სიტუაცია, სადაც დედაჩემი „ქოციაო“ და ლანძღავენ სტატუსებში. ერთი მხარისთვის მეორე უსამშობლო ხარ, ან ხარ უცხოეთის აგენტი და ა.შ. ჩვენ გავხდით დესტრუქციული საზოგადოება. ერთია, როდესაც პოლარიზაცია გაქვს დიდ ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-შიც ძალიან დიდი პოლარიზაცია იყო და არის, მაგრამ მეორეა სამმილიონიან ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთის ვიღაც არის. პოლიტიკური კრიზისი რაღაც ეტაპზე გადაიჭრება. არ მგონია, რაღაც სამოქალაქო ომამდე მივიდეთ, მაგრამ ამ პოლარიზაციის გაქრობა, რაც ამ თვეების განმავლობაში ვნახეთ, უფრო რთული მგონია, ვიდრე პოლიტიკური კრიზისის, როგორ ასეთის“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მიდგომა არის – „არც ერთი ნაბიჯი უკან“.
„არცერთ დათმობაზე არ წამოვიდნენ. არათუ არჩევნების ჩანიშვნა, ერთ დაკავებულ ადამიანს არ უშვებენ. ეს, თავის მხრივ, იწვევს იმას, რომ მეორე მხარე კიდევ უფრო რადიკალური ხდება, ბრაზდება და გადავედით სიტუაციაში, სადაც როცა ერთი მხარე მეორეს სცემს, ეს მხარე ზეიმობს და როცა მეორე მხარე მოერევა, იმათ უხარიათ. ანუ, ძალადობის ნორმალიზება ხდება ორივე მხრიდან და არცერთი არ თმობს. ხელისუფლებას აქვს უფრო მეტი ბერკეტი. თუნდაც, არ ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ვიღაც გამოუშვას, შეიწყალოს პრეზიდენტმა, ან რაღაც ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაშია გამოსავალი, ზაზა დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნება ექნება, ბევრი შესაძლებლობაა, მაგალითად, პრეზიდენტმა შეიწყალოს ვინმე, ვისაც ბევრი წელი აქვს მისჯილი.
„თუნდაც მზია ამაღლობელის შემთხვევა რომ ავიღოთ, ერთია პოლიციელისთვის სილის გაწვნა და მეორეა, რომ 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც ასამართლებენ, არის „ნაცების“ დროს შემოღებული 26 მაისის დარბევის საპასუხოდ, რომ უფრო მძიმე ყოფილიყო პოლიციელის შეურაცხყოფა. ერთია პოლიციური ძალადობა, რაც იყო „ნაცების“ რეჟიმის მთავარი კომპონენტი, მაგრამ მეორეა ზონდერების გამოყენება, რომელსაც დღეს კი „ტიტუშკები“ დაარქვეს, მაგრამ მანამდე ზონდერების ფენომენი არსებობდა და ზონდერები არიან. „ნაცების“ დროს პოლიციელსაც იყენებდნენ, ზონდერებსაც და „ოცნება“ ამ ფაზაშია შესული. უფრო ცუდია ეს მეორე. ერთია, როცა „ოცნების“ ამომრჩეველი ხედავს, რომ აქციას არბევენ და ამაზე ეუბნებიან, ვახშობთ რევოლუციასო, ეს „ოცნების“ ამომრჩევლისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ რაც უფრო ვალშია „ოცნება“ არაფორმალურ დაჯგუფებებთან, ყველა, ვისაც რაღაც ბანდფორმირება აქვს ან ზონდერია, რომელიც არბევს გაფიცვას, დრო რომ გავა და ეს ოპოზიციის ცემაში ღვაწლმოსილი ზონდერი ვინმე რიგით ადამიანს აუშარდება სადმე და სცემს, მერე ეს უკვე „ოცნებისთვის“ პრობლემაა, რომ დავალებულია ზონდერული დაჯგუფებისგან“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს ჰკითხა, კონკრეტულად რომელ შემთხვევაზეა საუბარი, რადგან, მაგალითად, დოლიძის ქუჩის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ეს იყო პირადი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რაზეც ზაზა დობორჯგინიძემ თქვა, რომ ამ კონკრეტულ ქეისზე არ საუბრობს.
„თუნდაც აქციების დროს“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
შეკითხვაზე, ვინ უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები დანიშვნის შემთხვევაში, რადგან პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებიდან ლეგიტიმურად არავის არ აღიარებენ, ზაზა დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას, რომელმაც თბილისში მეტი ხმა მიიღო, აქვს შანსი, რომ თბილისში „ოცნებასთან“ მოიგოს თვითმმართველობის არჩევნებში.
„თუ თბილისში ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ შეუძლია, „ოცნებას“ მოუგოს, შეუძლია, ეს ბერკეტი გამოიყენოს. თვითმმართველობის არჩევნები არის მალე, რამდენიმე თვეშია და ოპოზიცია ნორმალური კამპანიის რეჟიმში რომ გადავიდეს, შეიძლება მოგება 2025-ში თვითმმართველობის არჩევნების თბილისში და დიდ ქალაქებში მაინც“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
ზაზა დობორჯგინიძემ ასევე აღნიშნა, რომ 300 000 ხმის გაყალბება ჩანს კოსმოსიდან, თანამგზავრიდან და „ქართულ ოცნებას“ 300 000 ხმა რომ გაეყალბებინა, ამას თანამგზავრი დააფიქსირებდა.
„ეუთო-ს საბოლოო დასკვნაშიც წერია მოსყიდვა, დაშინება და დანარჩენი არაფერი არ წერია, არც ტექნოლოგიური გაყალბება, რასაც ამტკიცებენ და ამ გაჟონვაზეც წერია ის, რომ 8%-ში გაჟონა მარკერმა და ისიც უწერიათ, რომ ეს პოტენციურად შეიძლება, იყოს ფარულობის დარღვევა და არაფერი ის, რომ ყველაფერმა გაჟონა და ტოტალურად დარღვეული იყო ფარულობა“, – განაცხადა ზაზა დობორჯგინიძემ.