ზაზა ბაქრაძე - ვაღიარებ, რომ აკაკი ბართაიას ხელყუმბარა მე ჩავუდე
ზაზა ბაქრაძე - ვაღიარებ, რომ აკაკი ბართაიას ხელყუმბარა მე ჩავუდე

აკაკი ბართაიას, რომელიც ახლა თქვენს გადაცემაში სტუმრად იმყოფება, ხელყუმბარა მე ჩავუდე, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ზაზა ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამას ვაღიარებ. მან ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რაშიც ვეთანხმები. ბართაია არის ის ადამიანი, ვისაც მე ხელყუმბარა ჩავუდე. როცა ეს ახალგაზრდა ძირს იწვა და წამოაყენეს, მას ეს ხელყუმბარა ჩამოუვარდა. მე მიქაძეს ვუთხარი, რომ უკვე ყველაფერი მაინც გაყალბებულია, ხელყუმბარა ჩადებულია და საქმე დამთავრებულია, მიწიდან ამოიღეთ და მოწმეებით გაამაგრეთ მეთქი. წადი და ამის შესახებ ხელმძღვანელობას და ადეიშვილს ელაპარაკეო, მიპასუხა. განაწყენებულზე ხელყუმბარას ხელი მოვკიდე და ბართაიას ჩავუდე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ყველა განკარგულებას ზურაბ მიქაძე იძლეოდა და შემთხვევის ადგილზე იარაღები არაყიშვილის ქუჩიდან, ვაკე–საბურთალოს მაშინდელი სამმართველოდან თავისი სამსახურეობრივი მანქანით სწორედ მან მიიტანა. 

„თანამდებობრივად მე მიქაძის დაქვემდებარებაში არ ვიყავი. ის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, მე კი – მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, კრიმინალური პოლიციის ხაზით. მან ისიც მითხრა, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რომ კომენტარიც შენ უნდა გააკეთოო, რაზეც ვუპასუხე, შენ და შენს ხელმძღვანელობას ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით, ამ შოუზე არანაირ სატელევიზიო კომენტარს არ გავაკეთებ მეთქი, რის შემდეგაც კეთილი ინება და გააკეთა ის აბსურდული კომენტარი, რაც ამ წლების განმავლობაში ტრიალებდა და, რაც ყველამ კარგად ვიცით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის გულისხმობდა ზურაბ მიქაძე, როცა ამბობდა, რომ მომხდარის შესახებ მისი ზემდგომები ინფორმირებული იყვნენ და იყვნენ თუ არა ისინი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვანო ბერაძე, ზაზა ბაქრაძემ თქვა, რომ ხელს ვერავის დაადებს, მაგრამ მასთან საუბრისას ზურაბ მიქაძეს კიდევ ერთხელ დაურეკეს და ზაზა ბაქრაძის შეკითხვაზე, თუ ვის ესაუბრებოდა ის და ვინ იძლეოდა ბრძანებას, მიქაძემ თქვა, რომ დეპარტამენტის დირექტორს ესაუბრებოდა.