ზაზა ავალიანი - შესაძლოა, ​კოვიდპანდემიას მოვერიოთ, მაგრამ ხვალ უძლური ვიყოთ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის წინააღმდეგ
ზაზა ავალიანი - შესაძლოა, ​კოვიდპანდემიას მოვერიოთ, მაგრამ ხვალ უძლური ვიყოთ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის წინააღმდეგ

ჩვენ შესაძლოა, კოვიდპანდემიას მოვერიოთ, მაგრამ ხვალ შეიძლება, უძლური ვიყოთ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის წინააღმდეგ, – განაცხადა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა ავალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„არსებობს კიდევ ერთი დიდი საშიშროება, რომლის შესახებაც მინდა, საზოგადოებას ხმამაღლა ვუთხრა – ჩვენ შესაძლოა, კოვიდპანდემიას მოვერიოთ, მაგრამ ხვალ შეიძლება, უძლური ვიყოთ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის წინააღმდეგ. ანუ ბაქტერიების წამალგამძლეობა იქნება გადაულახავი ბარიერი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დიდი რევოლუცია, რომელმაც დაავადებასთან ბრძოლაში ეს ფანტასტიკური ინსტრუმენტი, ანტიბიოტიკი მოგვცა, აბსოლუტურად გამოუსადეგარი გახდება; თუ ანტიბიოტიკების შიდა მოხმარება ასეთი ტემპით გაგრძელდება, ანტიბიოტიკი იქცევა რარიტეტად, თაროზე შემოსადებად და ისტორიის კუთვნილება გახდება“, – განაცხადა ავალიანმა.

მისი თქმით, ანტიბიოტიკი არ არის ვირუსის საწინააღმდეგო და ის ვირუსს ვერ ებრძვის.

„ხვალ შეიძლება, უმარტივესი, მცირე ინფექციაც კი სიკვდილის მიზეზი გახდეს. თუ ამ თემას გონივრულად არ მივუდგებით, აი, ეს გველოდება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკების ხშირად, არადანიშნულებისამებრ მიღება არ არის მხოლოდ ადამიანთა ქმედების ხარვეზი და ზოგჯერ, ჩვენც, სამედიცინო საზოგადოებაც ვცოდავთ“, – აღნიშნა ავალიანმა.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს არ ჰყოფნის გონიერება იმისთვის, რომ დაწესებული რეგულაციები ზუსტად შეასრულოს, რაც ეპიდვითარებას უკიდურესად ამძიმებს.

„სამწუხაროდ, მახსენდება აინშტაინის გენიალური ფრაზა, რომელიც დაახლოებით, ასე ჟღერს – ორ რამეს არ აქვს საზღვარი და მიჯნა, სამყაროს უსასრულობას და ადამიანთა უგუნურებას“, – განაცხადა ავალიანმა.

მისი თქმით, დისტანცირება და პირბადის ტარება გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

„ეს არის ერთადერთი ხსნა და გადარჩენა. ჩვენ არ უნდა ვუცადოთ სიტუაციას, როდესაც ჩვენი ახლობელი ისე მძიმდება, რომ პირდაპირ სარეანიმაციო განყოფილებაში უნდა წავიყვანოთ. როგორ ფიქრობთ, თუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაინფიცირდა, 3,5-მილიონიან საქართველოს ექნება 300 000-ზე მეტი სარეანიმაციო ადგილი?! რასაკვირველია, ვერა!“, – აღნიშნა ავალიანმა.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ადამიანებს ურჩევნიათ, განტევების ვაცი გარეთ ეძებონ და თქვან, რომ ვიღაც კარგად არ მოემზადა და ვიღაცამ დროზე არ ააშენა უფრო მეტი საავადმყოფო, რაც გონივრული მსჯელობის საზღვარს სცდება.

„რასაკვირველია, კეთდება ის ყველაფერი, რაც მოცემული მომენტისთვის იყო შესაძლებელი, მაგრამ მოქალაქეებს, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია და მოსახლეობის შეგნება და პროცესების მიმართ დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია. საწოლფონდს არსებული კონტინგენტი ემსახურება, მაგრამ თუ დასაშვებ ზღვარს, ელემენტარულ გონივრულ საზღვარს გადააჭარბებს ის ქმედება, რასაც მასობრივი შეკრებები ჰქვია – გაუთავებელი წვეულებები, პოლიტიკური მიზნით შეკრებები და სხვა, სისტემამ ამას როგორ უნდა გაუძლოს?! ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ღირებული სამყაროში არ არსებობს. პირველ რიგში, აი, ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ყველა დანარჩენი მეათეხარისხოვნად გადავდოთ“, – განაცხადა ავალიანმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში მეტი ინფიცირებულია, ვიდრე უზარმაზარ ჩინეთში.

„აი, ეს არის პასუხი იმ კითხვაზე, თუ როგორ შეგვიძლია, თავი გადავირჩინოთ“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.

დატოვე კომენტარი