ზაზა ავალიანი - ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი, ვიდრე ვაქცინა მოგვისწრებს
ზაზა ავალიანი - ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი, ვიდრე ვაქცინა მოგვისწრებს

აჭარაში, პრემიერის დავალებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისიდან გაგზავნილი კონსულტანტების ჯგუფი მუშაობს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ჰოსპიტალური მართვის ექსპერტ ზაზა ავალიანის განცხადებით, კონსულტანტების ჯგუფის მუშაობის უპირველესი მიზანია, გადანაწილდეს საკადრო რესურსი და ყველგან იყოს მკურნალობის, დიაგნოსტიკის ერთი სტანდარტი.

„კოვიდპანდემია მსოფლიოს და საქართველოს მთავარი გამოწვევაა. ამ ურთულეს გამოწვევას სჭირდება მაქსიმალური მზადყოფნა, როგორც საკადრო, ასევე ტექნოლოგიური რესურსით, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის და საზოგადოების მზადყოფნა. იმ სამუშაოს უპირველესი მიზანი, რაც ტარდება კონსულტანტების ჯგუფის მიერ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, პრემიერის დავალებით თბილისიდან არიან ჩამოსული, მათ შორის მეც გახლავართ, არის ის, რომ გადანაწილდეს საკადრო რესურსი და ყველგან იყოს ერთი სტანდარტი მკურნალობის, დიაგნოსტიკის, პრევენციის, მათ შორის რეანიმაციული მკურნალობის სტანდარტი. შესაბამისად, ექიმები, სპეციალისტები და რეანიმატოლოგები გვყავს მოწვეული. ქალბატონი მარინა ეზუგბაიას ჯგუფია ჩამოსული და თქვენ კარგად იცით, ბატონი თენგიზ ცერცვაძის მიდგომა მობილური ჯგუფების თაობაზე“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.

ავალიანი მოქალაქეებს მიმართავს, დაიცვან რეკომენდაციები და ამ გზით გაწყვიტონ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი, ვიდრე ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.

„ზოგადად, სიტუაცია არის დამძიმებული, სამწუხაროდ, მოხდა შიდა გავრცელება. თითოეულ მოქალაქეს მივმართავ, რომ კოვიდპანდემია ნამდვილად არსებობს, ნამდვილად არსებობს ვირუსი, რომელიც მსოფლიოში სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზია. ხედავთ მილიონ გარდაცვლილს და, სამწუხაროდ, პროგნოზულად ეს ციფრი გაიზრდება, ამას შეჩერება უნდა, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი, ვიდრე ვაქცინა მოგვისწრებს“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.