ზაზა ალთუნაშვილი პროკურატურაში მაჩალიკაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შედეგებს გაეცნო
ზაზა ალთუნაშვილი პროკურატურაში მაჩალიკაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შედეგებს გაეცნო

თბილისის პროკურატურაში დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი იმყოფებოდა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს გაეცნო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია იმ იარაღის ექსპერტიზაზე, საიდანაც მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა განხორციელდა.

„დიდი არაფერია ექსპერტიზაში, განსაკუთრებულს არც არაფერს ველოდი, ჩვეულებრივი რიგითი ექსპერტიზაა.

ჩვენ ჩამოვყალიბდებით ოჯახის ინტერესების დამცველთან და ის ისაუბრებს შემდგომ დეტალებზე. ექსპერტიზა შეეხებოდა ცეცხლსასროლ იარაღს, ამ ექსპერტიზაში არ არის ასახული ის კითხვები, რაც საინტერესო უნდა იყოს, შესაბამისად, ის ვერ სცემს ვერანაირ კითხვას პასუხს. რაც შეეხება გასროლის თემას, შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა რომ მხოლოდ ერთი გასროლა განხორციელდა ადგილზე“, – განაცხადა ალთუნაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებოდნენ. მათ ის ოთახი დაათვალიერეს, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.