ზაურ დარგალი - თითოეულ მარნეულელს ვუხდი მადლობას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა ერთობაშია
ზაურ დარგალი - თითოეულ მარნეულელს ვუხდი მადლობას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა ერთობაშია

თითოეულ მარნეულელს ვუხდი მადლობას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა ერთობაშია, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

მარნეულის მერმა მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადებიდან დღემდე გატარებულ ვირუსის საპრევენციო ღონისძიებებზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მსურს, ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდო პოზიტიური სიახლე, რომელიც მარნეულის გახსნას უკავშირდება. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან მარნეულში საკარანტინო ზონა მოიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პრობლემის გარეშე გადაადგილდნენ; იცით, რომ მარნეულში მკაცრი კარანტინი 23 მარტს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გამოცხადდა“, – აღნიშნა ზაურ დარგალმა.

მისივე თქმით, 23 მარტის შემდეგ, ვირუსის საპრევენციოდ, მთელი რიგი ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გატარდა და კვლავ გრძელდება.

„ამ ხნის განმავლობაში, თერმოკრინინგი ორ ეტაპად ჩატარდა: შეიქმნა 40 ჯგუფი, რომელთა მიერ პირველ ეტაპზე სკრინინგი 105 000-მა მოქალაქემ გაიარა. მეორე ეტაპის ფარგლებში, შემოწმდა 55 000-ზე მეტი მოქალაქე. მოგახსენებთ, რომ მარნეულში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ბიოლოგიური მასალის კვლევა პისიარტესტზე. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 6 მაისიდან დღემდე გამოკვლეული იქნა 1635 პირი სხვადასხვა უწყებიდან, რომლებიც მოსახლეობასთან ყოველდღიურ ურთიერთობაში იმყოფებიან. გამოკვლეული ანალიზებიდან ყველა უარყოფითი იყო, გარდა ერთისა, რომელიც უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერს“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქ მარნეულში და 16 სოფლის ტერიტორიაზე მასობრივი სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.

„ჩატარდა და დღემდე გრძელდება მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათის განმავლობაში მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფ რეაგირებას. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სურსათისა და მედიკამენტების დარიგება. დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 820 შეკვრა საკვები პროდუქტი იქნა დარიგებული მარნეულის მაშტაბით. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იმ კომპანიების, მეწარმეებისა და კერძო პირების მიმართ, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სისტემატურად დაკავებულია საქველმოქმედო აქტივობით და მუნიციპალიტეტს ეხმარება მოწყვლადი ჯგუფების პროდუქტებით მომარაგების საკითხში. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მარნეულში არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში ჯამში 2 145-ია, 60 დღის საკვები პროდუქტები გადაეცათ“, – აღნიშნა ზაურ დარგალმა.

მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ მარნეულის აგრარული ბაზარი 27 აპრილიდან განაგრძობს დადგენილი რეკომენდაციების წესის დაცვით ფუნქციონირებას.

„ბაზრის გახსნა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდა, რაც ბაზრის ტერიტორიაზე შემსვლელი თითოეული ავტომობილი დეზინფექციას გულისხმობს. მოქალაქეებს ადგილზე პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ. „კოვიდ-19“-ის პანდემიით შექმნილი სიტუაციის გამო, მეცხვარეებს ცხვრის გადარეკვის პრობლემა ჰქონდათ. შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოგვარდა საკითხი და ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებზე ცხვრის გადარეკვა მოგვარებულია. სტატისტიკურად მოგახსენებთ, რომ 15 აპრილიდან დღეის ჩათვლით, საზაფხულო საძოვრებზე გაშვებული იქნა 36 125 სული ცხვარი. ასევე, 3 353 მსხვილფეხა პირუტყვი. ასევე შევახსენებ, ჩვენს საზოგადოებას, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, გარკვეული დროით გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან. მუნიციპალურმა შპს სოფწყალმა სამი თვის გადასახადისაგან 11 000-ზე მეტი აბონენტი გაათავისუფლა“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებისთვის ტვირთბრუნვის მიმართულებით 4000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.

„კიდევ ერთხელ მინდა, ამ საკითხზე ხაზგასმით, მკაფიოდ ვისაუბრო და განვაცხადო, რომ მარნეულში ადგილობრივ ფერმერებს, საკარანტინო რეჟიმის წესების დაცვით, შესაძლებლობა აქვთ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. ჯამში დაახლოებით 3 000 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზება მოხდა ამ დრომდე. მარნეულიდან რეკომენდაციების დაცვით ბოსტნეულის გატანა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული შტაბის ჩართულობით ხდება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მას შემდეგ, რაც აიკრძალა შიდა გადაადგილებები, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო 25 სამარშუტო ტაქსის მობილიზება. ისინი მოძრაობდნენ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და მთავრობის რეკომენდაციების დაცვით ეხმარებოდნენ მოქალაქეებს გადაადგილებაში. ქვეყანაში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებენ. მიმდინარე ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სამუშაოები ექვს სოფელში წარმოებს. აღნიშნული პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც ჯამში გამოყოფილია 3, 232, 156 ლარი“, – აღნიშნა ზაურ დარგალმა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სასმელი წყლის ქსელების მოწყობის სამუშაოებიც.

„ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის – ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის რვა სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი ხარისხიანი სასმელი წყლით შეუფერხებლად მომარაგება. პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარს შეადგენს. დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, ორი სოფლის, შაუმიანისა და ხიხანის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობაც. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 452 ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მერმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და მარნეულის მცხოვრებლებს მადლობა გადაუხადა.

„არ შემიძლია, არ ავღნიშნო მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაო. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ვირუსის პრევენცია და დამარცხება. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო მუნიციპალიტეტში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, სამომსახურეო სფეროსა და საბანკო სფეროს წარმომადგენლებს თავდაუზოგავი შრომისთვის. თითოეულ მარნეულელს ვუხდი მადლობას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა ერთობაშია. მე ჩემის მხრივ მოგიწოდებთ ყველას, კვლავ დავიცვათ რეკომენდაციები, დავრჩეთ სახლში და სულ მალე ამ გამოწვევასაც ერთად დავძლევთ. შემდეგ კი თითოეულ ჩვენგანს კვლავ გვექნება საშუალება, უანგაროდ ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და მის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ. ჯანრთელობას გისურვებთ“, – დასძინა ზაურ დარგალმა.