ზაურ დარგალი - მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა
ზაურ დარგალი - მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა

როგორც ვაცხადებდით, მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. 11-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ასევე მერობის კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს, – ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა პროვოკაციებსაც ჰქონდა ადგილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროცოკაციებსაც ჰქონდა ადგილი, როგორც ხმის მიცემის პროცესში, ასევე ხმების დათვლისას. მიუხედავად ყველაფრისა, ყველაფერი მშვიდად დასრულდა, გავიმარჯვეთ და დღესაც სიმშვიდეა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს. რაც შეეხება გაყალბების საკითხს ჩვენი მხრიდან, ეს არის სრულიად არალოგიკური, რადგან კომისიისა და დამკვირვებლების ნახევარზე მეტი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ. შესაბამისად, მათი ბრალდებები არის პირდაპირი პროვოკაცია“, – განაცხადა დარგალმა.

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კენან ომაროვმა ხმების 68,01% მიიღო.

„პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11 826 ხმა მიიღო, რაც ხმების 26,48%-ს შეადგენს, „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ 28 837 ხმა აიღო, რაც ხმების 64,58%-ია, „ევროპულმა საქართველომ“ კი, 1 016 ხმა მიიღო, რაც ხმების 2,28%-ია.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა ხმების 3,88% მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ელდარ მუსტაფაევმა ხმების 28,11%, „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კეკანან ომაროვმა 68,01% მიიღო.