ზაურ დარგალი - კორონავირუსზე 525 ადამიანს აუღეს ანალიზი, რომლის შედეგებიც ხვალ გახდება ცნობილი
მარნეულის ჩაკეტვის პირველივე დღიდან სხვადასხვა მიმართულებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით, რათა არსებულ გამოწვევაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.
როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, დღეს დამატებით 525 ადამიანს აუღეს ანალიზი, „პისიარ“-ტესტი, რომლის პასუხებიც ხვალ იქნება ცნობილი.
„ჯამში ჩვენ 1 600-ზე მეტი ანალიზი გვაქვს აღებული მარნეულში. გვაქვს დადებითი დინამიკა და ველოდებით პასუხებს ხვალისთვის. მოგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა 18 მაისისთვის მარნეულის გახსნა და ეს შედეგები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გითხრათ, რომ ამასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას. მოსახლეობაში სამენოვანი მანქანა აქტიურად მოძრაობს და აწვდის ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ასევე, აქტიურად ვარიგებთ სპეციალურ ბროშურებს. მინდა გითხრათ, რომ მარნეულის ჩაკეტვის პირველივე დღიდან სხვადასხვა მიმართულებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით, რათა არსებულ გამოწვევაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება მომხდარიყო. ასევე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა, რაც აწუხებდა მოსახლეობას. ეს არის როგორც პროდუქტების დარიგება, ასევე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გატანა, ტვირთის ბრუნვა, მარაგი მოსახლეობისთვის და ა.შ. გვაქვს ძალიან კარგი შედეგი რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას და ყველა თანამშრომელს, ვინც აქტიურად იყო ჩართული. თავისთავად გამოწვევები წინ არის კიდევ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას აქტიურად, ყოველდღიურად კომუნიკაციაში ვართ მოსახლეობასთან და ხვალ ველოდებით კარგ პასუხებს“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.