ზაურ დარგალი - დარწმუნებული ვარ, 2021 წლის არჩევნებისთვის დღეს არსებული ბევრი პრობლემა მოგვარებული იქნება
ზაურ დარგალი - დარწმუნებული ვარ, 2021 წლის არჩევნებისთვის დღეს არსებული ბევრი პრობლემა მოგვარებული იქნება

ვგრძნობთ მარნეულელების დიდ მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ მარნეულის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, ზაურ დარგალმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.

„ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში ასობით ახალგაზრდა იყო ჩართული, რაც ძალიან მახარებს“, – განაცხადა დარგალმა.

მისი თქმით, მარნეულში ხელისუფლებას 2012 წელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, რაც საბაზისო ინფრასტრუქტურულ პროექტებს და პრობლემებს ეხება, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა.

დარგალის განცხადებით, დღესაც ძალიან მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს და კონკრეტული გეგმით ეს პრობლემები გვარდება.

როგორც დარგალმა აღნიშნა, 2012 წელს მარნეულის მოსახლეობის 15% იყო სასმელი წყლით უზრუნველყოფილი, დღეს კი 85%-ია, მაგრამ ზოგიერთ სოფელში რჩება სარწყავი წყლის, საბავშვო ბაღების, მიწის რეგისტრაციის და ა. შ. პრობლემები.

„მიწის ლეგალიზაციის საკითხი მოსახლეობაში ძალიან აქტუალურია. აუცილებლად მოვაგვარებთ ამ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები გვაქვს“, – განაცხადა დარგალმა

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ასობით ახალი პროექტი განხორციელდა, კილომეტრობით გზა დაიგო, ახალი საბავშვო ბაღები აშენდა, მხოლოდ წელს შვიდი ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი და ქალაქ მარნეულში უდიდესი, დაახლოებით, 200 მილიონიანი პროექტი იწყება, რითაც ქალაქში წყლისა და კანალიზაციის პრობლემა მთლიანად მოგვარდება.

დარგალმა ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან დიდი ნდობა არსებობს და მოკლე პერიოდში, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, უფრო სწრაფი გეგმებით გაგრძელდება პროექტების განხორციელება.

„2021 წელს, როცა კიდევ დადგება არჩევნების დრო, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი პრობლემა იქნება მოგვარებული, რაც დღეს არსებობს“, – განაცხადა დარგალმა.

როგორც დარგალმა აღნიშნა, გუბერნატორის მოადგილედ მუშაობამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა, რა დროსაც მინისტრის ხელმძღვანელობით შეიმუშავა სტაჟირების პროგრამა „ერთს პლუს ოთხი“, სადაც ახალგაზრდებს, სტუდენტებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაიარონ სტაჟირება.

„ასობით ახალგაზრდამ გაიარა სტაჟირება და ასობით ახალგაზრდა გახდა კონკურენტუნარიანი. ისინი სხვადასხვა კონკურსი იღებენ მონაწილეობას. აქ დასაქმების კომპონენტიც ჩადებულია და ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ამ ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციაში“, – განაცხადა დარგალმა.

ამ განცხადებით ზაურ დარგალმა გადაცემაში სტუმრად მყოფ მერობის კანდიდატს, აკმამედ იმამკულიევს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „ზაურ დარგალი ორი წლის განმავლობაში იყო გუბერნატორის მოადგილე, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, რომ ერთ ახალგაზრდას მაინც დახმარებოდა და რომელიმე ახალგაზრდას მაინც მიეღო მარნეულის მუნიციპალიტეტში სტაჟირება“.