ზაურ დარგალი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება
ზაურ დარგალი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება

მარნეულის მერი ზაურ რადგალი აცხადებს, რომ რეგიონში დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ამის შესახებ მან მარნეულის მერიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს შედგა შეხვედრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან. იცით, რომ მარნეულში გუშინ და დღეს ახალი ფაქტებია დაფიქსირებული. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები, რის მიხედვითაც გავაგრძელებთ მუშაობას. დღეს ამირან გამყრელიძემაც თქვა, რომ მარნეულმა თავიდან ძალიან ეფექტურად იმოქმედა და შეძლო ვირუსის დროულად გაჩერება, თუმცა ეს რაფერს არ ნიშნავს, გუშინდელი და დღევანდელი ფაქტების გამო. ჩვენ გავითვალისწინებთ და იქნება შესაბამისი ღონისძიებები ჩატარებული. ვგეგმავთ ასევე თერმოსკრინინგის დაწყებას მესამედ. ადგილზე მობილიზებული იქნებიან ჩვენი წარმომადგენლებიც, ჯანდაცვაც იქნება მობილიზებული, რომ სწრაფი რეაგირება მოხდეს ყველა შემთხვევაზე.
მე ასევე მინდა, მოვუწოდო მარნეულის მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის დროს მიმართონ ცხელების ცენტრს“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მერიაში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე რეგიონებში ეპიდაფეთქების შეკავების გზებზე იმსჯელეს.