ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს სცემეს
ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს სცემეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის ინფორმაციით, მარნეულის სოფელ სადახლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ როვშან ისკანდაროვს სცემეს.

ზაურ დარგალის თქმით, ისკანდაროვი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ქველაძემ სცემა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მორიგი პროვოკაციები. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა ლაშა ქველაძემ დღეს სოფელ სადახლოში სხეულის დაზიანება მიაყენა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელმაც კანონის ფარგლებში მოუწოდა მას, რომ საღებავებით არ დაეწერა სკოლის კედელზე წარწერა –  „მიშა ჩამოდი, ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“. მოწოდების შემდეგ მოხდა დაპირისპირება. ჩვენს კანდიდატს დაზიანებები აქვს მიყენებული გულმკერდისა და სახის არეში“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

როვშან ისკანდაროვი „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მათ თავად დაესხნენ თავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ქველაძე ამ დროისთვის მარნეულის პოლიციაში იმყოფება და სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს.

დატოვე კომენტარი