ზარანდია პოლონეთში არ ბრუნდება - თავდამსხმელი ყაზახეთში ქართველთან მიდის
ბელგიური მედიის ცნობით, ლუკა ზარანდია ბელგიის „ზულტე ვარეგემს“ ტოვებს და კარიერას გდინიას „არკაში“ გააგრძელებს, სადაც ბელგიამდე თამაშობდა.
ეს ამბავი ბელგიურმა გამოცემა „ვოეტბალ პრემეირმა“ გაავრცელა და პოლონური მედიაც აჰყვა. 24 წლის ახალგაზრდა ბელგიაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა და კარგი დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ „ზულტე ვარეგემში“ მისი პოზიცია შესუსტდა და წელს ზარანდიამ მოედანზე მხოლოდ 26 წუთი გაატარა. ბელგიური მედიის ცნობით, ლუკა ზარანდია ისევ „არკაში“ დაბრუნდება, სადაც 2,5 წელი თამაშობდა და 90-წლიანი ისტორიის მქონე „არკას“ სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.
საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, ლუკა ზარანდია ბელგიიდან მოდის, მაგრამ კარიერას დროებით ყაზახეთში, კოსტანაის „ტობოლში“ გააგრძელებს. სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდში ქართველი თავდამსხმელი ოთხთვიანი იჯარით ითამაშებს. კოსტანაის გუნდში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და საყრდენი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ, რამაც ზარანდიას გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა, რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკის იმედი გააჩნია.