ზაქარია ქუცნაშვილი - აზრის გამოხატვის გამო რომ დავიწყოთ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება ან ჩაშლა, ეს საერთაშორისო პოლიტიკაში ქაჯობაა 
ზაქარია ქუცნაშვილი - აზრის გამოხატვის გამო რომ დავიწყოთ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება ან ჩაშლა, ეს საერთაშორისო პოლიტიკაში ქაჯობაა 

ოპონენტები საუბრობენ, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ასამბლეის გახსნისას სიტყვით გამოვა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელსაც სამადაშვილის თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, დეპუტატი გავრილოვი საქართველოში არ შემოუშვან.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საქართველოს სპეციალურმა სამსახურებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილე დელეგაციის ყველა წევრი გადაამოწმეს.

„მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 26 წელია, არსებობს. საქართველო მასში მრავალი წელია, წარმოდგენილია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება, რომ თბილისი გენერალური ასამბლეის სესიის მასპინძელი იქნება, რაც ქრისტიანულ სამყაროში ძალიან დიდი მოვლენაა. ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ სერგეი გავრილოვი არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ კარგად გადავამოწმეთ შესაბამისი სპეციალური სამსახურების ჩართულობით დელეგაციის ყველა წევრი. სამწუხაროდ, ორს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აღმოაჩნდა და მათ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. შესაბამისად, არ ვაპირებთ გავემიჯნოთ მართლმადიდებლურ სამყაროს იმის გამო, რომ 23 ქვეყანას შორის არის ერთ-ერთი მართლმადიდებლური ქვეყანა რუსეთი ან ეს ასე სურს „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალებს“. მათ კონფლიქტში მოიყვანეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრ ინტერესთან. პირიქით ვაპირებთ, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამ სამყაროს ყველა სხვა წევრ ქვეყანას გავაგებინოთ, რა მოხდა 2008 წელს და გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენს სამშობლოში. ასე რომ, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და მიზნად ისახავს მხოლოდ ობსტრუქციას, საკუთარი თავის აქტუალიზაციას პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციამდე“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უპასუხისმგებლო ფორმატით არ მუშაობს და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები აქვს, რომელიც სწავლობენ, ვის აქვს კანონი დარღვეული და ვის არა.

„დელეგაციის ყველა წევრი მკაცრ ფილტრში გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა გენერალური ასამბლეის მასპინძლობის საკითხი თბილისში, ერთი ნაბიჯით უკანაც არ დაგვიხევია. შემიძლია, ერთი ცნობილი გვარი გითხრათ, ვისაც უარი ვუთხარით. ეს არის ცნობილი რუსი პოლიტიკოსი კონსტანტინ ზატულინი, რომელიც ამ დელეგაციაში შედიოდა. ჩვენ პრინციპულად დავიცავით პოზიცია, რომლის გამოც საქართველოს ხუთი წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ უარს გენერალური ასამბლეის მასპინძლობაზე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევა სწორედ იმაშია, რომ მან თავისუფლება მოიტანა. გამოხატვის თავისუფლება დაცულია. იმის გამო, რომ ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული ვიღაც დეპუტატებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ კანონიერი უფლება გვაქვს, საქართველოში არ შემოვუშვათ. აზრის გამოხატვის გამო რომ დავიწყოთ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება ან პირიქით ჩაშლა, ეს საერთაშორისო პოლიტიკაში ქაჯობა და ღალატია ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა 19 ივნისს გაიხსნება და 23 ივნისამდე გაგრძელდება.