ზაქარია ქუცნაშვილი - ოპოზიციას დემაგოგიის საშუალება რომ არ მიეცეს, უმჯობესია, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს
ზაქარია ქუცნაშვილი - ოპოზიციას დემაგოგიის საშუალება რომ არ მიეცეს, უმჯობესია, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს

ოპოზიციას დემაგოგიის საშუალება რომ არ მიეცეს, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დაასახელოს, – ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

დეპუტატის თქმით, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა მმართველი გუნდისთვის მომგებიანი არ იქნება.

„ვფიქრობ, საპრეზიდენტო კანდიდატი ჩვენი გუნდიდან სჯობს, ვიდრე დამოუკიდებელი კანდიდატის დასახელება. ამისთვის სამ მიზეზს დავასახელებ: არავინ დაიჯერებს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ჩვენი დახმარების გარეშე გაიმარჯვებს; ჩვენი გუნდის დიდ ნაწილს მოტივაცია არ ექნება, რომ იმ ადამიანს ან ადამიანებს მიეხმაროს, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება; მესამე მიზეზი – არ მინდა, ოპოზიციას დემაგოგიის წარმოების საშუალება მიეცეს, რომ „ქართული ოცნება” პირდაპირ არჩევნებს გაექცა, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ დააყენა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, ჩამოთვლილი სამი მიზეზიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის დასახელებას სჯობს, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილება საკუთარი კანდიდატით მიიღოს. მისი თქმით, ეს ასევე, უკეთესია გუნდის მოტივაციისა და სახელმწიფო მეთაურად ისეთი ადამიანის არჩევისთვის, რომელზეც „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას აიღებს.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა  ინტერვიუში განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, საუბარი იყო თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე. თუმცა, მისი პოზიციაა, რომ კანდიდატი გუნდიდან არ დასახელდეს.   „გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება,  არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.