ზაქარია ქუცნაშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსით უნდა შევიდნენ პირები, რომლებსაც საბჭო მოსამართლეთა კანდიდატებად დაასახელებს
ზაქარია ქუცნაშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსით უნდა შევიდნენ პირები, რომლებსაც საბჭო მოსამართლეთა კანდიდატებად დაასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრას შედეგიანს უწოდებს.

ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რა საკითხებზე შეთანხმდა გუნდი.

მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებები ისეთი იქნება, როგორიც ქართულ საზოგადოებას სურს.

„საზოგადოება ითხოვს, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, ამიტომ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებად დაასახელოს. ამით თანასწორობის პრინციპი დაცული იქნება და ყველა მსურველს საკუთარი თავის ნომინირებისა და კონკურსში მონაწილეობის უფლება მიეცემა. ასევე,  საპარლამენტო კომიტეტებში საკითხი კეთილსინდისიერების კრიტერიუმის ხუთივე ასპექტში განიხილება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის ყველა წევრი თავისუფალი იქნება კენჭისყრის დროს და გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.

„უმრავლესობა პოზიტიურ, საინტერესო და სასარგებლო ვერსიაზე შეჯერდება, რაც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. კანონში გაწერილი კეთილსინდისიერების პრინციპები დეპუტატებს შეფასების საშუალებას მისცემს, მიესადაგება რომელიმე კანდიდატი კეთილსინდისიერების კრიტერიუმს თუ არა, დანარჩენი ადამიანების სინდისსა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა, რამდენად ობიექტური იქნებიან კანდიდატების განხილვისას“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს მეორე დღეა, მოსამართლეთა შერჩევის საკითხებზე მსჯელობენ.