ზაქარია ქუცნაშვილი - განსხვავებული შეხედულებების გამო, ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის
ზაქარია ქუცნაშვილი - განსხვავებული შეხედულებების გამო, ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის

გიორგი ქობულიას მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზები ჩემთვის უცნობია, მინისტრების საქმიანობის შეფასება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი თავად განმარტავს, რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ასევე, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ განმარტებები ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმაც გააკეთოს.

„რატომ მიიღო მამუკა ბახტაძემ ეს გადაწყვეტილება, თავად განმარტავს. პრემიერს უფლება აქვს, გუნდის მცირე ნაწილი პარლამენტის ნდობის ხელახლა მოპოვების გარეშე განაახლოს. იმედია, პრემიერი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. არ გამოვრიცხავ, განმარტებები გიორგი ქობულიამაც გააკეთოს“, – განაცხდა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას განსხვავებულ შეხედულებებზე, დეპუტატის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის.

„მე რომ მქონდა განსხვავებული შეხედულებები, სხვები სად იყვნენ? განსხვავებული შეხედულებების გამო, ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის. სხვები სად იყვნენ, როცა ხშირ შემთხვევაში, არათუ, განსხვავებულ მოსაზრებას, არამედ საწინააღმდეგო აზრს ვაფიქსირებდი? ამას ჩემი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. ეს კაცი ისეთი არ არის, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს. ყველა შემთხვევაში ახსნა-განმარტებასა და დასაბუთებას ითხოვს. დასაბუთებული პოზიციის შემთხვევაში კი, ივანიშვილს საკუთარი პოზიცია შეუცვლია“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.