ზაქარია ქუცნაშვილი - დიპლომატიური ქაჯობაა, როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა დაგყავს იმ პერსონის დონეზე, რომელსაც ომში არ მიუღია მონაწილეობა
ზაქარია ქუცნაშვილი - დიპლომატიური ქაჯობაა, როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა დაგყავს იმ პერსონის დონეზე, რომელსაც ომში არ მიუღია მონაწილეობა

ეროვნული ინტერესების დაცვა არ ნიშნავს, რომ პატივი არ ვცეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

ქუცნაშვილის თქმით, როცა აღნიშნული ორგანიზაციის არჩეული ხელმძღვანელი არის რუსეთი, სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მიიღო მასში მონაწილეობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესი დაიცვა.

„როცა ამ ორგანიზაციის არჩეული პრეზიდენტი არის რუსეთი, შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს გარდა იმისა, რომ მიიღო მასში მონაწილეობა და დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები. მადლობასაც გადაგვიხდიან, აღიარებასაც წაიღებენ უკან, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე არ მაქვს უფლება, კომფორტი ან დისკომფორტი განვიცადო, პოლიტიკოსმა ამით რომ იხელმძღვანელოს, ის არ არის ეროვნული პოლიტიკოსი. დიახ, საქართველოს ინტერესშია ის, რაც ხდება, რადგან ჩვენ ვალდებული ვართ არაღიარების პოლიტიკა გავამყაროთ“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, დიპლომატიური ქაჯობაა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტულ პერსონაზე დაყვანა.

„დიპლომატიური ქაჯობაა, როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა დაგყავს პერსონაზე და იმ პერსონის დონეზე, რომელსაც ომში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და „ფეიკნიუსებით“ და დიპლომატიური ქაჯობით არ უნდა მოვაჩვენოთ თავი საზოგადოებას“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებას, ქუცნაშვილი ამბობს, რომ  პოლიტიკოს არ აქვს უფლება, იყოს სუსტი და კაპიტულაციური პოზიცია ეჭიროს.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს.  სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს.

სხდომას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. „რუსი დეპუტატის ნახვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უბრალოდ გამანადგურა“, – დაწერა თამარ ჩუგოშვილმა სოციალურ ქსელში.