ზაქარია ქუცნაშვილი - ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ, ჩემი მიზანი არ არის ვიმსჯელო ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე
ზაქარია ქუცნაშვილი - ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ, ჩემი მიზანი არ არის ვიმსჯელო ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე

ჩემი დღევანდელი მიზანი არ არის, ვიმსჯელო ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე, ეს არ არის დღეს ჩემი აქ მოსვლის მიზანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„2019 წლის პირველი სამუშაო დღეა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დილიდან იწყება მუშაობას. ფრაქციის თავმჯდომარე შემოგვთავაზებს დღის წესრიგს და ამ დღის წესრიგით ვიმუშავებთ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, თუ ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება, მას რა პოზიცია ექნება, დეპუტატმა აღნიშნა, რომ დაელოდება მოვლენების განვითარებას.

„საკითხი, რაც არ დამდგარა არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი. ჯერ დადგეს, მერე განვიხილოთ და ბოლოს შევაფასოთ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, გამოიტანა თუ არა ეკა ბესელიამ შიდა სამზარეულო, ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ეს კითხვა იმას უნდა დაუსვან, ვინც ამ საკითხზე განცხადება გააკეთა.

„მე ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ. აქედან გამომდინარე კომენტატორების კომენტატორი არ ვარ . არ არის დღევანდელი ჩემი მიზანი, ვიმსჯელო ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე, ეს არ არის დღეს აქ ჩემი მოსვლის მიზანი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს.