ზაქარია ქუცნაშვილი – არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის
ვალდებული ვარ, როგორც ადამიანმა და როგორც მთიელმა, ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს. არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მის სამართლიანად დადგენილ წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს.
„ეს დარბაზი ახლადარჩეული უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა. ვსაუბრობთ თქვენი ხემლძღვანელობით, პრეზიდენტი მყავს მხედველობაში, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების აუცილებლობაზე და ამ დროს მორიგ სიტყვას არ ველოდებით. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა მოგვწონს და ამ დროს რამდენიმე საათიანი მოთმენა გვიჭირს. რა უფლება მაქვს, თქვენს პირად ემოციას შევეხო, მაგრამ ხომ იცით სახელმწიფო, პოლიტიკურ თანამდებობის პირებს პირად ემოციაზე აყოლის უფლება არ გვაქვს. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მის სამართლიანად დადგენილ წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს პრინციპული და შეუვალი პოზიციისთვის“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილი“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.
მოგვიანებით, პარლამენტში იმსჯელეს საკითხზე, შეეცვალათ თუ არა დებატების ფორმატი. საკითხს მხარი არ დაუჭირეს.