ზაქარია ქუცნაშვილი - აპატრიდი სააკაშვილი აქტიურად იდევნება უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის
ზაქარია ქუცნაშვილი - აპატრიდი სააკაშვილი აქტიურად იდევნება უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის

მიხეილ სააკაშვილის დაკავების საფუძველი არ არის ექსტრადირების მოთხოვნა, უკრაინის მთავრობა მიიჩნევს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და სწორედ ამიტომ დააპატიმრა, – ასე ეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

ქუცნაშვილის თქმით, აპატრიდი სააკაშვილი დღეს აქტიურად იდევნება უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის.

„მისი დაკავების საფუძველი არ გახლავთ ექსტრადირების მოთხოვნა, ანუ უკრაინის მთავრობას ის საქართველოსთვის გადმოსაცემად არ დაუკავებია, არამედ უკრაინამ ის დააკავა, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისთვის ხელის შეწყობის სახით დანაშაული ჩაიდინა. ასე რომ მივყვეთ, მივადევნოთ პროცესს თვალი.

ფაქტია, რომ როცა სხვა ქვეყანაში დევნილ ადამიანს იფარებ, უკვე თავს აყენებ რისკის ქვეშ, რომ იგივე შეიძლება ჩაიდინოს შენს ქვეყანაშიც.

წარმოიდგინეთ, უკრაინა ცხელ ომშია რუსეთის ფედერაციასთან და ამ დროს სააკაშვილი თავის დაქირავებულებთან ერთად აწყობს აქციებს უკრაინის დედაქალაქში, ამას სხვა რა ჰქვია, თუ არა უკრაინის მთლიანობისთვის ბრძოლაში პირდაპირ ხელის შეშლა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.

მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.