ზამთრის საკურორტო ზონაში განლაგებულ სასტუმროებს 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაუვადდებათ
ზამთრის საკურორტო ზონაში განლაგებულ სასტუმროებს 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაუვადდებათ

ზამთრის საკურორტო ზონაში განლაგებულ სასტუმროებს 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაუვადდებათ. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების მიხედვით, შესაძლებლობა იქმნება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდეთ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე.

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მთავრობის № 322 დადგენილების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში არსებული სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოწყობის მიზნით.

„გადასახადის გადავადება, დადგენილ საგადასახადო შეღავათთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში დაეხმარება კომპანიებს, შეინარჩუნონ თანამშრომლები. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას და გადავადებული გადასახადის ოდენობა შეადგენს 0,5 მილიონ ლარს“, – აღნიშნულია პროექტში.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები დავით სონღულაშვილი, ბექა ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და მარიამ ქვრივიშვილი. ინიციატორები კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.