ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე ბაკურიანში გზების მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდება

16:17, 17.11.2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მოწესრიგების სამუშაოებს ჩაატარებს. ამ ეტაპზე მოეწყობა გზის საფარის ქვედა ფენები, რაც მოსახლეობასა და დამსვენებლებს გადაადგილებას გაუადვილებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანია, ზამთრის სეზონზე ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს გადაადგილებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო პირობები შეექმნათ.

მათივე ცნობით, ბაკურიანში ამჟამად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„არსებული მდგომარეობისა და ზამთრის სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულებამდე გზებზე ქვედა ფენები მოაწყოს და მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის გადაადგილების პირობები გააუმჯობესოს.

წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები მოიცავს გზის საფარის საბოლოო ფენების მოწყობას, სანიაღვრე სისტემებისა და ტროტუარების მშენებლობას.

სამინისტროს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით გამოწვეული დისკომფორტი და უზრუნველყოფილი იყოს კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხიანი და სრულფასოვანი განვითარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი