ზამთრის კურორტებთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება
ზამთრის კურორტებთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ზამთრის კურორტები ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, შეზღუდვები ხანგრძლივდება.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პანდემია მსოფლიოში არ არის დამარცხებული. შესაბამისად, შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა და ზამთრის კურორტებთან მიმართებაში შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება. რაც შეეხება კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, ვერც კერძო მეპატრონეებს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას. თვალი უნდა გადაავლოთ მთელი მსოფლიოს პრაქტიკას. მთელ მსოფლიოში ზამთრის კურორტები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც ამ სეზონზე არ ფუნქციონირებენ. ნახავთ იმასაც, რომ შეზღუდვები კი არ მსუბუქდება, უფრო ხანგრძლივდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ზამთრის კურორტები ნამდვილად წარმოადგენს მათი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

დაველოდოთ გარკვეულ პერიოდს, დავაკვირდებით კიდევ დადებითობის მაჩვენებელს. თუ გვექნება ასევე სტაბილური ან გაუმჯობესებული დინამიკა, ვიფიქრებთ, რომელი შეზღუდვა შეგვიძლია შევამსუბუქოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი