ზაგრები ზეიმობს - ხორვატიის ნაკრებს სამშობლოში დახვედრა მოუწყვეს #1TVSPORT
ზაგრები ზეიმობს - ხორვატიის ნაკრებს სამშობლოში დახვედრა მოუწყვეს #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრებს სამშობლოში გასაოცარი დახვედრა მოუწყვეს. მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გასული ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს ზაგრების აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დახვდნენ ქვეყნის არმიის ნაწილები, ხოლო გასასვლელთან 100 ათასამდე ადამიანი ელოდა.

ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ავტობუსს აეროპორტიდან ზაგრების ცენტრალურ მოედნამდე პოლიციის მანქანები და მოტოციკლისტები მიაცილებდნენ. ახალი საფეხბურთო წარმატებებით აღფრთოვანებული გულშემატკივრების ჯაჭვი არ წყდებოდა, ფაქტობრივად, მთელი ქალაქი გარეთ გამოვიდა.

ზაგრების მთავარ მოედანზე, ისევე როგორც ოთხი წლის წინ, გაიმართა საზეიმო შეხვედრა და მოეწყო სპეციალური პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდის პატივსაცემად.

ეს ბალკანური ქვეყანა ტერიტორიულად უფრო პატარაა, ვიდრე საქართველო თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე (56,594 კმ2). მოსახლეობის ბოლო აღწერით (2021 წელს), ხორვატიაში 3,88 მილიონი ადამინი ცხოვრობს. ასეთი მწირი რესურსის მიუხედავად, ამ პატარა ქვეყანამ ბოლო 24 წელიწადში ორჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი (1998, 2022), ხოლო ერთხელ – ვერცხლის მედალი (2018).

კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატი ფეხბურთელები F ჯგუფიდან გავიდნენ, სადაც მაროკოსთან, კანადასთან და ბელგიასთან ერთად მოხვდნენ, 1/8 ფინალში დამატებით დროში პენალტების სერიაში იაპონიას მოუგეს, მეოთხედფინალში – ბრაზილიას, ნახევარფინალში არგენტინასთან დამარცხების შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩში მაროკო 2:1 დაამარცხეს და მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატიდან მესამედ მოახერხეს სახლში მედლით ჩასვლა.