ზაგიტოვა თავისუფალი პროგრამისას სამჯერ დაეცა, ოქრო ოსმონდმა მოიგო
ზაგიტოვა თავისუფალი პროგრამისას სამჯერ დაეცა, ოქრო ოსმონდმა მოიგო

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე სენსაციურად დასრულდა. მედლები ქალებს შორის გათამაშდა და საპრიზო სამეულის მიღმა პიონჩანგის ოლიმპიადის ჩემპიონი, 15 წლის რუსი ვუნდერკინდი ალინა ზაგიტოვა აღმოჩნდა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ის მეორე ადგილზე იმყოფებოდა და ოქროს მედლის რეალურ შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ თავისუფალი პროგრამის შესრულებისას, სამჯერ დაეცა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილი დაიკავა.

ასევე ჩააგდო თავისი გამოსვლა მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერმა, იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა. ისიც მედლის გარეშე დარჩა (მეოთხე ადგილი), რისი მიზეზიც ერთი დაცემა იყო.

ჩემპიონი კი კანადელი კეტლინ ოსმონდი გახდა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. მან პიონჩანგში ბრინჯაოს მედალი მოიგო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, გუნდურში კი ოქროს დაეუფლა. მის ანგარიშზე აგრეთვე იყო სოჭის ოლიმპიადის ვერცხლი გუნდურ პირველობაში. მსოფლიოს ჩემპიონატზე ოსმონდს ერთი ვერცხლი ჰქონდა მოპოვებული – შარშან, ჰელსინკიში.

მილანში პოდიუმზე ორი იაპონელი ავიდა. ვერცხლი მოიპოვა ვაკაბა ჰიგუჩიმ, რომელმაც ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, რადგან მოკლე პროგრამის შემდეგ, მერვე ადგილზე იმყოფებოდა. ბრინჯაო ერგო ჰიგუჩის თანამემამულეს სატოკო მიაჰარას.