ზაალ უდუმაშვილი - ვიდრე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, მშვიდობიანი აქციები ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას
ზაალ უდუმაშვილი - ვიდრე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, მშვიდობიანი აქციები ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას

მხარეებს შორის დიალოგის დაწყება არ ნიშნავს ქუჩის პროტესტის გაჩერებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი მშვიდობიანი აქციების ფარგლებში გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას გულისხმობს.

„დღეს აქციაზე მოთხოვნები ზუსტად იგივე იქნება, რაც იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და გაგრძელდება ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს – ეს არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ის, რომ მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო, არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩის პროტესტი გაჩერდება. არა, ნამდვილად არ მივცემთ ამ ფუფუნებას ხელისუფლებას. ჩვენ დღეს ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს რუსთაველის გამზირზე ისევე, როგორც იყო წინა არჩევნების პერიოდში.

ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგი არ დამგარა, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რომელიც მშვიდობიან აქციებს ითვალისწინებს. თავის მხრივ, მშვიდობიანი აქციები ითვალისწინებს სახელმწიფო შენობების თუ უწყებების პიკეტირებას. ეს არის კონსტიტუციით დაშვებული აქციები, ასე რომ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, იმ მოლაპარაკებების პარალელურად, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, გაგრძელდება ქუჩის აქციები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.