ზაალ უდუმაშვილი - ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტია დაუჭერს მხარს ოპოზიციის კანდიდატებს, რომლებიც გადავიდნენ მეორე ტურში, ეს იქნება გამარჯვების საწინდარი, ახლა კრიტიკის დრო არ არის
ზაალ უდუმაშვილი - ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტია დაუჭერს მხარს ოპოზიციის კანდიდატებს, რომლებიც გადავიდნენ მეორე ტურში, ეს იქნება გამარჯვების საწინდარი, ახლა კრიტიკის დრო არ არის

თვითმმართველობის დონეზე ოპოზიცია იქნება უმრავლესობაში, ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ იმ კუთხით, რომ მერებიც გახდნენ ოპოზიციური კანდიდატები, რაც, მე ვფიქრობ, გარდაუვალი პროცესია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, გამარჯვება იქნება ოპოზიციის მხარეს და შემდეგ გაგრძელდება ბრძოლა ვადამდელი არჩევნების დასანიშნად.

„უპირობოდ იმარჯვებდა „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე, მაგრამ, მოდით, შეფასებები კი არ გვინდა, დავეყრდნოთ ფაქტებს, რომლებიც აღარ შეიცვლება. ფაქტია, რომ დღეს, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საკრებულოების უმრავლესობას დააკომპლექტებს ოპოზიცია და ამ ფაქტს ვერ გაექცევიან. თვითმართველობის დონეზე ოპოზიცია იქნება უმრავლესობაში და ახლა ჩვენ დარჩენილი გვაქვს, ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ იმ კუთხით, რომ მერებიც გახდნენ ოპოზიური კანდიდატები, რაც, მე ვფიქრობ, გარდაუვალი პროცესია.

თუ ჩვენ ვიმსჯელებთ იმ საარჩევნო პროცესიდან გამომდინარე, ყველამ გავიარეთ ეს უმძიმესი დღე და ჩვენი კანდიდატები ყველგან ლიდერობენ, ეჭვი არავის ეპარება, რომ გამარჯვება იქნება ოპოზიციის მხარეს. შემდეგ ბრძოლა გაგრძელდება, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. იქნება სრული მობილიზაცია მეორე ტურებისთვის პარტიულ დონეზე. „ქართული ოცნება“ შეეცდება, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც გამოიყენეს 2 ოქტომბერს ამომრჩევლების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი გავიარეთ და მაინც გავიმარჯვეთ. ახლა ვაპირებთ, არც ერთი მისხალი არ დავუთმოთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის განმარტებით, ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, კანდიდატების ირგვლივ მოხდეს საერთო კონსოლიდაცია, უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე იყო.

„ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტია დაუჭერს მხარს იმ კანდიდატებს, რომლებიც გადავიდნენ მეორე ტურში, ეს იქნება გამარჯვების საწინდარი. ახლა არ არის დრო, კრიტიკა გამოვთქვათ ან წყენები გავმართოთ, დღეს ყველას გვაქვს მთავარი ამოცანა – „ქართული ოცნების“ დამარცხება და ამ ბრძოლაში ყველა პარტიამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის საკითხს, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში მოდიოდა, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ დაპატიმრება მოუწევდა.

„ის დააკავეს და არ აპირებს, ამ დაკავების შემდეგ რაიმე სახით უკან გადადგას ნაბიჯი. პირიქით, ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ერთად და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის მნიშვნელოვანი სიტყვა. ის საქართველოში ჩამოვიდა, რომ გვერდით დაუდგეს საკუთარ ხალხს და ამ ბრძოლაში მიიღოს მნიშვნელოვანი მონაწილეობა. ძალიან დროებითი მოვლენაა ის, რომ სააკაშვილი ციხეში იმყოფება. ის მალე დატოვებს საპატიმროს და კვლავ დადგება ჩვენი მოსახლეობის გვერდით. მე დარმწუნებული ვარ, მისი პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელდება“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ექსტრადირებას არ განიხილავთ?,“ – უდუმაშვილი პასუხობს: „მე არ განვიხილავ არაფერს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა უნდა დატოვოს საპატიმრო“.