ზაალ უდუმაშვილი - თუ აწყობთ, სიაში ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ ამ პარლამენტის წევრებიო, კი ბატონო, ისე იყოს, როგორც უნდათ
ზაალ უდუმაშვილი - თუ აწყობთ, სიაში ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ ამ პარლამენტის წევრებიო, კი ბატონო, ისე იყოს, როგორც უნდათ

თუ აწყობთ, სიაში ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ ამ პარლამენტის წევრებიო და გვეჭიდავებიან, გინდათ თუ არა ხართო, კი ბატონო, ისე იყოს, როგორც უნდათ, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უმრავლესობას შეუძლია, მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტიდან გასვლას.

უდუმაშვილის თქმით, ფორმალურად როგორ გააფორმებს ამას „ქართული ოცნება“, მნიშვნელობა არ აქვს.

„ამას ფორმალურად როგორ გააფორმებენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ და ისინი ჩვენს განცხადებებს დაეთანხმებიან თუ არა, მათი გადასაწყვეტია. ფორმალურად იმ პარლამენტში ყოფნას რა აზრი აქვს, სადაც სხდომებზე არ მიდიხარ, არც მუშაობაში ხარ ჩართული და მის უფლებამოსილებას არ ცნობ. თუ აწყობთ, სიაში ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ, ბატონო ამ პარლამენტის წევრებიო და გვეჭიდავებიან, გინდათ თუ არა ხართო, კი ბატონო, ისე იყოს, როგორც უნდათ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის გადასაწყვეტია, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა. მისივე თქმით, პარლამენტს შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციონერი დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოდან გასვლას.