ზაალ უდუმაშვილი - შერიგებაზე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებებზე ჩვენი წინადადებებით მივალთ
ზაალ უდუმაშვილი - შერიგებაზე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებებზე ჩვენი წინადადებებით მივალთ

ჩვენ მივალთ ამ კონსულტაციებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელმაც უნდა დაუდოს საფუძველი, რომ გავხსნათ დიალოგი ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შეაფასა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი წინადადებები ექნება.

„ჩვენ ჩვენი წინადადებებით მივალთ ამ მოლაპარაკებებზე, რადგან დღეს სხვა გამოსავალი არ არსებობს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან. ჩვენ თუ დავიწყეთ გარკვეული დათქმებით დიალოგზე მისვლა, ეს უკვე ნიშნავს დიალოგის ჩაშლას. ჩვენ გვაქვს შეხედულებები, როგორ უნდა დაიძლიოს ეს პოლიტიკური კრიზისი. მთავარი საკითხები არის, რომ უპირობოდ უნდა შეწყდეს ყველა იმ ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური დევნა, ასევე მედიასაშუალების მფლობელის, რომელიც დღეს იმყოფება პოლიტიკური დევნის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს უპირველესად ეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. ასევე ეხება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო სისტემის რეფორმას, ეს არის ჩვენი წინადადებები, რომლებიც იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალისთვის დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა.

„სიმბოლურად, აქცია დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ეს იქნება აქცია, როგორიც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ამ აქციის მთავარი მიზანია, დავანახვოთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას – საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობდნენ პოლიტიკური დევნილები და პატიმრები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.