ზაალ უდუმაშვილი - „შავ სიაში“ მოხვდება ყველა, ვინც გამოირჩეოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენით საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ
ზაალ უდუმაშვილი - „შავ სიაში“ მოხვდება ყველა, ვინც გამოირჩეოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენით საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ

ისინი, ვინც ბოლო პერიოდში გამოირჩეოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენით საქართველოს მოსახლეობისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, „შავ სიაში“ მოხვდება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილი კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სიაში აუცილებლად მოხვდებიან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები, ასევე მოსამართლეები.

„ყველანი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ბოლო პერიოდში გამოირჩეოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენით საქართველოს მოსახლეობისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ყველა ეს ხალხი მოხვდება „შავ სიაში“ და შემდეგ სია გადაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა მოხდეს რეაგირება დასავლელი მეგობრების მხრიდან. კონკრეტულ გვარებზე მე ვერ ვისაუბრებ ჯერჯერობით, სანამ ბოლომდე არ მოხდება სიის ფორმირება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ სიაში ძირითადად არიან მოსამართლეები და მაღალი პოლიტიკური ფიგურები „ქართული ოცნებიდან“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სია 8 იანვარს გამოქვეყნდება. მათივე განცხადებით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც  საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.