ზაალ უდუმაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უნდა განმარტოს, ვისი დავალებით მოაწერა ხელი პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების აქტს
ზაალ უდუმაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უნდა განმარტოს, ვისი დავალებით მოაწერა ხელი პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების აქტს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტისგან პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე განმარტებას ითხოვს.

პარტიის ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისგან პასუხი, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, არადამაკმაყოფილებელია.

როგორც უდუმაშვილი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილმა აუცილებლად უნდა განმარტოს, ვისი რეკომენდაციით შეიწყალა პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

„გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილს დაავალეს ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია, ვინ დაავალა, თუმცა ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, დასახელდეს ის კონკრეტული პიროვნება ან პიროვნებები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის ფარისთვის მუშტის დარტყმაზე „გავრილოვის ღამის“ მონაწილე ჩვენ ვაჟკაც ბიჭებს შვიდწლიანი პატიმრობით ემუქრებიან, ხოლო პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს სამწლიანი პატიმრობით ათავისუფლებენ. ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ თარაშ მუკბანიანის ხსოვნის და მისი ოჯახის, არამედ ყველა იმ პოლიციელის, რომელიც დღეს პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას. როგორ უნდა იგრძნოს რიგითმა მოქალაქემ თავი დაცულად ამ ქვეყანაში, როდესაც თვითონ პოლიციელები არ არიან დაცული. როდესაც ჩამობრძანდება ქალბატონი სალომე ევროპული ტურიდან, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ორშაბათსვე გამობრძანდეს და საზოგადოებას განუმარტოს, ვისი დავალებით მოაწერა ხელი შეწყალების აქტს. ჩვენ არ მივიღებთ ორაზროვან და აბსურდულ განმარტებას, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, ჩვენ ველოდებით კითხვებზე პასუხს და აუცილებლად მივიღებთ, რადგან საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება, რომ ქვეყანას ჰყავდეს კრიმინალების მფარველი პრეზიდენტი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დრო მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.