ზაალ უდუმაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც
ზაალ უდუმაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც

​ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუას და ყველა იმ პირს, რომელიც ასეთი ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან დღეს ასეთი პრაქტიკა დანერგა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ყველა დაკავებულის მთავარი მოწმე არის პოლიციელი, ორი პოლიციელი, რომლებსაც ერთმანეთისგან გადაწერილი ჩვენებები აქვთ. ამის საფუძველზე ხდება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ და არა მარტო პოლიტიკური ლიდერების საქმის აღძვრა. რაც შეეხება რურუას საქმეს, ყველამ იცის, რომ ეს იყო შეკერილი საქმე, მას ჩაუდეს იარაღი, რათა ციხეში გამოეკეტათ და ბუნებრივია, საკონსტიტუციოს ეს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც და ყველა იმ პირს, რომელიც ასეთი ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.